ღვინის საერთაშორისო გამოცემა Decanter აცხადებს ღვინის ფოტოგრაფიის კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსი ღიაა ყველასთვის, ვისაც უყვარს ღვინის სამყაროს კამერის ობიექტივით აღბეჭდვა – იქნება ეს ვენახების პანორამული ხედები, ღვინოსთან დაკავშირებული განსაკუთრებული მომენტები, ნატურმორტები თუ კრეატიული, აბსტრაქტული ნამუშევრები.
Decanter-ის 2026 წლის ფოტოკონკურსი გაიხსნა 2026 წლის 1 ივნისს, ბრიტანეთის დროით (BST) 00:00 საათზე და დაიხურება 2026 წლის 31 აგვისტოს, BST 23:59 საათზე.
ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს ღვინის მრავალფეროვანი სამყარო და მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა საკუთარი ხედვა ფართო აუდიტორიას გაუზიარონ. საუკეთესო ფოტოები გამოქვეყნდება როგორც Decanter-ის ბეჭდურ გამოცემაში, ისე Decanter.com-ზე.
Decanter-ის არტ-რედაქტორისა და ჟიურის თავმჯდომარის, პატრიკ გრაბჰამის თქმით, კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, ტექნიკურად გამართული და ემოციურად შთამბეჭდავი.
„ვეძებთ ფოტოებს, რომლებიც მაყურებელს კომპოზიციით, პერსპექტივით ან ემოციით მიიზიდავს. საბოლოოდ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თითოეული ფოტო საკუთარ ისტორიას ჰყვებოდეს,“ – აღნიშნავს გრაბჰამი.
კონკურსი ოთხ კატეგორიად ჩატარდება. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება გამარჯვებული და ორი ფინალისტი, ხოლო კატეგორიების გამარჯვებულებს შორის ჟიური საერთო გამარჯვებულსაც დაასახელებს.
მთავარი პრიზი მოიცავს:
- Sony Alpha 6700-ის ფოტოკამერის კომპლექტს E PZ 16–50mm F3.5–5.6 OSS II ობიექტივით;
- Coravin Timeless Three+ სისტემას, რომელიც ღვინის ბოთლის გახსნის გარეშე, ჭიქებით ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა;
- Decanter-ის ჟურნალისა და Decanter Premium-ის ერთწლიან გამოწერას.
მთავარი პრიზის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 900 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, წარადგინონ საკუთარი საუკეთესო ნამუშევრები და მსოფლიოს თავიანთი თვალით დანახული ღვინის ისტორია გაუზიარონ.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.
წყარო: ღვინის კლუბი/vinoge.com