კულტურის ხელშეწყობის 10 კონკურსი

საქართველოს კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით კიდევ 10 კონკურსი გამოაცხადა
დღეს, 23 ივნისს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ 10 კონკურსს აცხადებს:
1. „ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარება: ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა.“
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია თბილისსა თუ რეგიონებში არსებული ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა, ერთი მხრივ, ბავშვთა შემოქმედებით პროცესში ჩართულობის გაძლიერების, მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისა და რეალიზაციის, ხოლო მეორე მხრივ – ქართული თეატრალური სამყაროსათვის მომავალი პროფესიული კადრების მომზადების მიზნით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (კერძო სტუდიებს თეატრისა და თეატრალური მიმართულებით).
2. „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“.
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კერძო ინიციატივების წახალისება, ქართულ სათეატრო პროცესში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა; თანამედროვე ქართულ თეატრში კონკურენტული გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ თეატრებს, რომელთა დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირი (პირები), ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები).
3. ,,თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა.”
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 80 000 ლარს და მისი მიზანია თვითმოქმედი ფოლკლორული (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ანსამბლების შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების პოპულარაზიცია; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.
4. „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის
ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია კომპიუტერული თამაშის შექმნის გზით ახალგაზრდებში ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაცია; ახალგაზრდა თაობისათვის ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიისადმი ინტერესის გაღვივება;
ინტერაქტიული ციფრული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; გლობალურ ციფრულ სივრცეში ქართული კულტურისა და ისტორიის სათანადოდ წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.
5. „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 120 000 ლარს და მისი მიზანია კონკურსის „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების წახალისება საქართველოში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.
6. „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, კულტურის პროდუქტის შექმნა და მასზე დისტანციური ხელმისაწვდომობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
7. „სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა“
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია; ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება; საინტერესო მუსიკალური პროექტების განხორციელება; სასწავლო პროცესის გააქტიურება, სრულყოფა, ახალი მიდგომების დანერგვა; პედაგოგთა საქმიანობის სტიმულირება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მიმართულებით პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობის გამოცდილება.
8. „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა“.
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ლარს და მისი მიზანია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით ხელოვანების მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
9. „მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა“
კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ლარს და მისი მიზანია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებით ხელოვანების მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
10. „საფრთხეში მყოფი მე-20 საუკუნის ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაცია.“
კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 40 000 ლარს და მისი მიზანია ქართული საბჭოთა მოზაიკური მხატვრობის, როგორც ქართული მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის, მოვლა-შენარჩუნება და პოპულარიზაცია. კონკურსის შედეგად მოხდება საქართველოს მასშტაბით საფრთხეში მყოფი მოზაიკური კომპოზიცი(ებ)ის იდენტიფიკაცია, სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა და რესტავრაცია/კონსერვაცია-რეაბილიტაცია, შემდგომში მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 ივნისიდან 2021 წლის 3 ივლისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საპროექტო განაცხადები განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განაცხადის განმეორებით წარმოდგენას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹ბრძანება და კონკურსის წესი- https://cutt.ly/Wn0DHjl
🔹ფორმულარები- https://cutt.ly/rn0DR2o
🔹 საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/rn874zb