საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სტუდენტების მხოლოდ 17%-ია სრულად აცრილი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სტუდენტების მხოლოდ 17%-ია სრულად აცრილი.

 

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ამავე დროს სტუდენტებს გააქტიურებისკენ მოუწოდა, რათა სწავლება დასწრებული ფორმით შესაძლებელი გახდეს.

 

„სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები, იქ აცრის საშუალო მაჩვენებელი სრულად აცრილების 17% გვაქვს, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა დასწრებული სწავლება იყოს, უფრო აქტიურად ვიყოთ, მაგალითი მივცეთ. სტუდენტებში დაახლოებით 9.5%-ში გვაქვს ინფექცია გადატანილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.