სწავლის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტე, მაგრამ პასუხები არ გაქვს, ისეთ კითხვებზე, როგორიცაა – აღიარებულია თუ არა ჩემი სკოლის ატესტატი გერმანიაში? მჭირდება თუ არა ენის სერტიფიკატი? არის თუ არა უფასო სწავლა გერმანიაში? როგორ დავაფინანსო სწავლა? მჭირდება თუ არა ვიზა გერმანიაში სწავლისთვის?
stipendia.ge გთავაზობთ პასუხებს ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე.
შემიძლია თუ არა გერმანიაში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება?
გერმანიის განათლების სისტემა არ აღიარებს საქართველოს სკოლების მიერ გაცემულ ატესტატს. სასწავლო სისტემა გერმანიაში გარკვეულ წილად განსხვავებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისაგან. გერმანიაში სკოლის მოსწავლეები, მე-4 კლასის დამთავრების შემდეგ, მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისად ნაწილდებიან სამი მიმართულებით. ესენია – Hauptschule, Realschule და Gymnasium. მოსწავლეები, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ირიცხებიან Gymnasium-ში და მხოლოდ მათ აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ ოთხწლიან საჯარო უნივერსიტეტებში. Gymnasium-ში სწავლება არის 9 წლიანი. მოსწავლეებს აქვთ ერთწლიანი დამატებითი სწავლება ე.წ „აბიტურის წელი.“ შესაბამისად სწავლება არის ცხრაწლიანი, შედეგად კი ჯამში მოსწავლეები სწავლობენ 13 წელი. ვინაიდან საქართველოს სკოლებში სწავლება 12 წლიანი, სწორედ ამიტომ, აბიტურიენტი საქართველოში თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით უნდა ჩაირიცხოს გერმანიაში, უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( იხ. www.studienkollegs.de), ერთი წლის შემდეგ კი ეძლევა შესაძლებლობა სწავლა დაიწყოს ბაკალავრიატის პირველ კურსზე.
თუმცა არსებობს გერმანიაში სწავლის გაგრძელების ალტერნატიული გზა. მათ ვისაც გერმანიაში სწავლის გაგრძელება სკოლის დამთავრების შემდეგ სურს, თორმეტწლიანი სწავლების შემდეგ საჭიროა, რომ აბიტურიენტმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყოს საქართველოს აკრედიტირებული ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, დახუროს ერთი კურსი და ამის შემდეგ შეძლებს სწავლის დაწყებას გერმანიაში.
რა საბუთებია საჭირო გერმანიაში ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დასაწყებად?
პირველ რიგში, მნიშნველოვანია ვიცოდეთ საერთაშორისო სტუდენტებისთვის არსებული სერვის ცენტრის Uni-Assist-ის შესახებ. ეს ცენტრი ერთგვარი დამაკავშირებელია უნივერსიტეტსა და აპლიკანტს შორის. Uni-Assist-ის გვერდის ავლით შეუძლებელია პირდაპირ ჩვენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში გავგზავნოთ აპლიკაცია. უნივერსიტეტის შერჩევის შემდეგ, ვებგვერდიდან უნდა ჩამოტვირთოთ სპეციალურ შესავსები ანკეტა, რომელსაც სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად ვტვირთავთ Uni-Assist ვებგვერდზე. https://www.uni-assist.de/
სხვა საჭირო დოკუმენტების სია კი ასეთია – საჭიროა სკოლის დასრულება და თუკი მოსამზადებელ კოლეჯში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ გვაქვს, საჭიროა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ უნივერსიტეტში დამატებით დახურული ერთი წელი. შესაბამისად უნდა გვქონდეს ატესტატი და უნივერსიტეტში დახურული ერთი წელის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, ის რაც გერმანიის უნივერსიტეტებში აინტერესებთ არის ნიშნები და ქულები. სკოლიდან საჭიროა ბოლო სამი წლის, მეათე, მეთერმეტე და მეთორმეტე კლასებში მიღებული ნიშნების დოკუმენტი, ხოლო უნივერსიტეტიდან ერთი წლის განმავლობაში მიღებული ქულების შესაბამისი ცნობა. და რასაკვირველია ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ყოველივე ამის შემდეგ კი აუცილებელია ყველა დოკუმენტი ითარგმნოს და უნი-ასისტის ვებგვერდზე ატვირთამდე დამოწმდეს ნოტარიულად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ უნი-ასისტზე განაცხადის გაკეთების საფასური 75 ევროა და დედლაინის დროისთვის ყველა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი გაგზავნილი უნდა გქონდეთ ბერლინში, უნი-ასისტის სათავო ოფისში.
უნი-ასისტი ჩვენს მიერ გაგზავნილ დოკუმენტების მიღებიდან დააახლოებით ერთი თვის განმავლობაში გვატყობინებს პასუხს, ჩავირიცხეთ თუ არა ამა თუ იმ უნივერსიტეტში.
როგორ ჩავირიცხო მაგისტრატურაზე?
გერმანიაში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება შედარებით მარტივია, რადგან ატესტატთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აპლიკანტი აღარ დგას. თუმცა ამ შემთხვევაშიც აპლიკანტი უნიასისტთან დაკავშირებულ იმავე არც თუ ისე მარტივ გზას გადის, როგორც ბაკალავრიატზე ჩაბარებისას. საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი ასეთია: არჩეული უნივერსიტეტის შევსებული აპლიკაცია; ატესტატი; დიპლომი; ნიშნების ფურცელი, როგორც სკოლიდან ასევე უნივესიტეტიდან და ენის სერტიფიკატი. გარდა ამისა რიგი უნივერსიტეტები მოითხოვენ დამატებით სხვადასხვა დოკუმენტს, მაგ. CV, სამოტივაციო წერილი, პროფესორის რეკომენდაცია და სხვა. დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უნივერსიტეტში გვსურს სწავლა.
ამ შემთხვევაშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი თარგმნილი და დამოწმებული სახით უნდა აიტვირთოს უნი-ასისტის ვებგვერდზე, ხოლო თავად დოკუმენტები გაიგზავნოს ფოსტით ბერლინში, სათავო ოფისში.
რა დონეზე მჭირდება გერმანულის ცოდნა, გერმანიაში რომ ვისწავლო?
გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ენაზეც, თუმცა თუკი გერმანიაში სწავლას გერმანულ ენაზე გადაწყვეტთ, სწავლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტია. არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა, რის შედეგადაც შესაძლებელია ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება.
ერთ-ერთი შესაძლებლობა ეს არის წარმატებული მონაწილეობა DSH („გერმანული ენის გამოცდა უცხოელ აბიტურიენტთა უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის“)- ში. უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, სტუდენტი, სემესტრის დაწყებამდე, დაახლოებით სამი კვირით ადრე, ამავე უნივერსიტეტში იღებს მონაწილეობას DSH-ში, წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი ეძლევა სწავლის დაწყების უფლება.
“DSH” ჩაბარებას უცხოელი სტუდენტებისგან ითხოვენ მხოლოდ გარკვეული უნივერსიტეტები.
ენის სერტიფიკატის მიღება ასევე შესაძლებელია, TestDaF (ტესტი – გერმანული როგორც უცხო ენა) გამოცდაში წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში. TestDaF-ის ჩაბარება შესაძლებელია როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ საგამოცდო ცენტრებში და აღიარებულია გერმანიის უნივერსიტეტების მიერ. TestDaF ის ჩაბარება შესაძლებელია საქართველოშიც, გოეთეს ინსტიტუტის ბაზაზე.
მესამე შესაძლებლობა კი ეს არის “Telc Deutsch C1 Hochschule”, რომლის გამოცდა ასევე აღიარებულია გერმანიის უნივერსიტეტების მიერ, როგორც ენის ცოდნის დასტური.
მჭირდება თუ არა ვიზა გერმანიაში სწავლისთვის?
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში სწავლის ყველა მსურველს სჭირდება ვიზა. სტუდენტური ვიზა განსხვავდება ტურისტული ვიზისგან და გერმანიაში უნივერსიტეტში ჩაბარების მიზნით მოკლე ვადიანი ვიზების გამოყენება დაუშვებელია, რადგან ტურისტული ვიზის გაგრძელება ან გადაკეთება სტუდენტურ ვიზად შეუძლებელია.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის არსებობს შემდეგი ტიპის ვიზები:
- ენის კურსის ვიზა
- სტუდენტი განმცხადებლის ვიზას სამი თვის განმავლობაში (ეს ვიზა ეძლევა იმ განმცხადებელს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩარიცხული უნივერსიტეტში)
- ვიზა სასწავლო მიზნებისათვის, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში
კონკრეტულად რა მოეთხოვება განმცხადებელს და რა საბუთების წარდგენას ავალდებულებს საელჩო, შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tiflis.diplo.de/ge-ka/service/05-VisaEinreise/merkblaetter/1697458
როგორ დავაფინანსო ჩემი სწავლა გერმანიაში?
იმისთვის რომ სტუდენტს გერმანიაში შემოსავალი ჰქონდეს არსებობს ორი შესაძლებლობა: ერთი- მოიპოვოთ სტიპენდია ან გრანტი; მეორე – დაფაროთ ხარჯები საკუთარი ჯიბიდან.
მართალია, რომ გერმანიაში სწავლა უფასოა (თუ არ ჩავთვლით სემესტრულ შენატანებს, ან სამგზავრო ბარათის სემესტრულ გადასახადს), თუმცა გერმანიაში ცხოვრებისთვის არსებობს ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯები (მაგ. დაზღვევა, საცხოვრებელი ბინა და ა.შ). გარდა ამ ხარჯებისა , მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვიზის მიღების ან გახანგრძლივების სურვილის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება.
იმ შემთხვევაში თუ თავად გადაწყვეტთ დააფინანსოთ თქვენივე სწავლა გერმანიაში ვიზის მისაღებად და შემდგომში გასაგრძელებლად დაგჭირდებათ წარადგინოთ დაფინანსების საბუთი(Sperrkonto). ვიზის მიღების სურვილის შემთხვევაში განმცხადებელი წარადგენს დაფინანსების დამადასტურებელ საბუთს, მინიმუმ პირველი სასწავლო წლისთვის 10.256 ევროს (თვეში 853 ევროს) ოდენობით. ხოლო უკვე გერმანიაში მყოფი სტუდენტი, შემდგომში ვიზის გახანგრძლივების სურვილის შემთხვევაში, წარადგენს დამადასტურებელ საბუთს, რომ თვეში მისი შემოსავალი საკმარისია გერმანიაში ცხოვრებისათვის.
გარდა ამისა, ვიზის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი სტუდენტი წარადგნეს ცნობას (Verpflichtungserklärung), რომ სხვა პირი (გერმანიის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე, გერმანიაში უვადოდ ცხოვრების უფლებით) მის გერმანიაში ცხოვრებას ფინანსურად უზრუნველყოფს.
სტიპენდიის ან გრანტის მოპოვების შემთხვევაში კი როგორც ვიზის მიღება ასევე გაგრძელებაც გაცილებით მარტივია.მაგრამ ხშირ შემთხვევაში სტუდენტების ნაწილი სტიპენდიების თემას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს რომ მაინც არაფერი გამოვა. თუმცა ხშირად ხდება ისე რომ განმცხადებლების ნაკლებობის გამო სრულად ვერ გაიცემა სტიპენდიები. თუმცა სტიპენდიის მოპოვება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი მომავალში უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი გაქვთ, სკოლიდანვე უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი. სასურველია გყავდეთ კარგი ნიშნები, არ გამოტოვოთ ოლიმპიადები ან რაიმე სახის ტურნირები, ეს წაადგება თქვენს გრანტის მოპოვების შანსს.
გერმანიაში რამდენიმე ტიპის სტიპენდიები გაიცემა. მაგალითისთვის ესენია:
1.გერმანიის სტიპენდია: (საჯარო / კერძო დაფინანსება)
ფონდები, ასოციაციები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის წევრები ან კერძო პირები საკუთარი სურვილით გასცემენ გარკვეული ტიპის სტიპენდიებს. ეს პროგრამა მხარდაჭერილია განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ. უნივერსიტეტები თავად ზრუნავენ პოტენციური დონორების შეძენაზე . სტიპენდიის გადახდა ხდება თვეში 300 ევროდან. სტიპენდიები გადაეცემა გამორჩეულ სტუდენტებს.
2. საერთაშორისო სტიპენდია
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობებს უმაღლეს განათლებაში. ამ მიზეზით, DAAD ანიჭებს სტიპენდიებს საზღვარგარეთ სწავლისთვის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, სტაჟიორებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და უნივერსიტეტის ლექტორებს ყველა დისციპლინაში.
3. სხვა სტიპენდიები
პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, სადაც სტიპენდიის მიღება შეუძლებელია. ინსტიტუტები დაინტერესებულები არიან ძლიერი კადრების სწავლის დაფინანსებით თუ გადამზადებით. არსებობს, მაგალითად, სამოგზაურო გრანტები ჟურნალისტებისთვის, გრანტები გერმანულ-იაპონური კულტურული გაცვლითი პროგრამები, გაჭირვებული სტუდენტების მხარდაჭერა და ა.შ.
Stipendia.ge მუდმივად შემოგთავაზებთ სტიპენდიებს სხვადასხვა მიმართულებით.
ვინ დამიფინანსებს გერმანიაში სწავლას?
სტუდენტობა მძიმე შრომაა, მაგრამ ამ შრომით ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავებ ფულს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სწავლის დრო შესწირო ნახევარ განაკვეთზე მუშაობას, რადგან არსებობს ფინანსური დახმარების არაერთი შესაძლებლობა. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ ისინი. ერთ-ერთი მათგანია სტიპენდია. Stipendia.ge გთავაზობთ სახელმძღვანელოს, თუ რა ტიპის სტიპენდიები არსებობს გერმანიაში და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ისინი.
თუ გსურთ გაატაროთ ერთი ან რამდენიმე სემესტრი საზღვარგარეთ, ევროპულ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი შესაძლებლობაა – ევროკავშირის Erasmus + დაფინანსების პროგრამა. იხ.: https://www.erasmusplus.de
მეორე ასეთი შესაძლებლობა არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). დაადი ფინანსურად მხარს უჭერს სტუდენტებს მთელ მსოფლიოში, უცხოეთში ყოფნის დროს, სწავლის განმავლობაში. იხ. მონაცემთა ბაზა : https://www2.daad.de/ausland/studieren/stipendium/de/70-stipendien-finden-und-bewerben/
ორივე პროგრამა საქართველოში ცნობილია და არაერთი უნივერსიტეტი თავად სთავაზობს გამორჩეულ სტუდენტებს ამ პროგრამებით სარგებლობას.
ასევე გთავაზობთ, რამდენიმე ვებგვერდს, სადაც ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი სტიპენდია.
განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს სტიპენდიის მონაცემთა ბაზა – https://www.stipendienlotse.de/
სტიპენდიის მონაცემთა ბაზა e-fellows.net- დან შეგიძლიათ მოიძიოთ 700-ზე მეტი სტიპენდია 400 სხვადასხვა პროვაიდერისგან –
https://www.e-fellows.net/Studium/Stipendien/Stipendien-Datenbank/Stipendium-suchen-finden
მონაცემთა ბაზა Mystipendium.de: 1240 დაფინანსების შეთავაზება, რომელიც აღირიცხება 34 განაცხადის კრიტერიუმის მიხედვით (გამოყენებისთვის საჭიროა უფასო რეგისტრაცია) – https://www.mystipendium.de/