სტიპენდიები სკოლის მოსწავლეებისთვის

ევროპული სკოლა და „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას „ევროპული სკოლის სასწავლო გრანტი“. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული მე-10 კლასის მოსწავლეები სწავლას განაგრძობენ ევროპული სკოლის საერთაშორისო პროგრამებზე სრული დაფინანსებით.

 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საშუალება მისცეს ნიჭიერ, მოტივირებულ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი საერთაშორისო განათლება მრავალფეროვან და ინოვაციურ სასწავლო გარემოში. „ევროპული სკოლის სასწავლო გრანტის“ პროგრამა გზას უხსნის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ კონკურენტუნარიანი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები.

 

„ევროპული სკოლის მიზანია, იპოვოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერ მოსწავლეებს, მიაღწიონ წარმატებას აკადემიური გამოწვევებით სავსე საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამასა (IB – International Baccalaureate Programme) და ამერიკულ უმაღლეს სკოლაში (AHS – American High School) და სათანადოდ მოამზადოს ისინი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისათვის. გვსურს, ამ ნაბიჯით დავრწმუნდეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა ნიჭიერ მოსწავლეებს აკადემიურ თუ კარიერულ წინსვლაში ხელს არ შეუშლის. ევროპული სკოლა მზადაა 6 სტუდენტი, მათ მიერ კონკურსის ყველა პირობის დაკმაყოფილების, საკონკურსო ეტაპების წარმატებით გავლისა და საბოლოო შერჩევის შემდეგ, 100%-ით დააფინანსოს.“

 

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 15 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ), 2022.

 

განაცხადის შევსება შეუძლიათ მოსწავლეებს (საქართველოს მოქალაქეებს), რომლებიც ასრულებენ მე-10 კლასს და გეგმავენ სწავლის გაგრძელებას ევროპული სკოლის მე-11 ან მე-12 კლასში.

 

დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს განაცხადის საბოლოო წარდგენამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება.

ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კონკურსის საბოლოო შედეგები 2022 წლის 20 ივნისამდე გახდება ცნობილი.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ სკოლის ვებგვერდზე.

scholarships@europeanschool.ge