რეგიონული განვითარების საზოგადოება – სასტიპენდიო ფონდი აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის სასტიპენდიო კონკურსს.
გორის უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ ფონდის სტიპენდიანტები.
ფონდის პრიორიტეტია რეგიონებში მცხოვრები, სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტების დახმარება, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ ქუთაისის, ახალციხის, გორის ან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაგრამ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ სწავლის დაფინანსებას.
განაცხადის შემოსატანად ელექტრონულ ფოსტაზე (rdsscholarshipfund@gmail.com) უნდა გამოაგზავნოთ:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის ასლი;
3. სკოლის ატესტატის ასლი;
4. სკოლის ნიშნების ფურცელი მე-9 კლასიდან, სკოლის დირექტორის ხელმოწერით (პირველ კურსელებისთვის);
5. მაღალი კურსის სტუდენტებმა, სემესტრული ნიშნების ფურცელი რექტორის ხელმოწერით;
6. ეროვნული მისაღები გამოცდების ნიშნების ამონაწერი;
7. დამრიგებლის ან სკოლის დირექტორის დახასიათება (პირველ კურსელებისთვის);
8. დეკანის დახასიათება (მეორე კურსიდან ზევით სტუდენტებისთვის);
9. სამოტივაციო წერილი (აქ უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკრეტული პრობლემა, რატომ ვერ მიიღეთ დაფინანასება და რატომ გჭირდებათ ფონდის ფინანსური მხარდაჭერა სწავლის საფასურის გადასახდელად. ასევე ნათლად დაგვანახოთ თქვენი სამომავლო გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ და როგორ დაგეხმარებათ უმაღლესი განათლება სოციალური პირობების გამოსწორებაში);
10. ყველა ის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც თვლით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და გაამყარებს თქვენს არგუმენტებს, რატომ უნდა მიიღოთ თქვენ ეს სტიპენდია.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 3 ოქტომბერი, 2022 წელი
პირველ ეტაპზე ფონდში შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავენ ფონდის დამფუძნებლები, შერჩეული კანდიდატები შემდეგ ეტაპზე გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას. ამ ეტაპების შემდეგ გადაწყდება, რომელი აპლიკანტები გახდებიან ჩვენი სტიპენდიანტები.
სტუდენტები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, ფოდნის წინაშე ექნებათ ვალდებულება, ყოველი სემესტრის ბოლოს წარმოადგინონ სწავლის შედეგები (ნიშნები), რომ გაუგრძელდეთ დაფინანსება.
2015-2022 წლებში ფონდმა მოახერხა და დონორების დახმარებით, საქართველოს ოთხი რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარა სწავლის გაგრძელებასა და დასრულებაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.