„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, აცხადებს კონკურსს მთარგმნელების სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, მოამზადოს მთარგმნელები ქართულ ენაზე ნაკლებად თარგმნილი ენებიდან. „მთარგმნელები, მწერლები და გამომცემლები – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნეა.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, ელექტრონულ მისამართზე info@tbilisiwbc.ge, 2021 წლის 16 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ:
-სამოტივაციო წერილი
– მოკლე ბიოგრაფია
-ნებისმიერი ენიდან შესრულებული დაურედაქტირებელი თარგმანის ნიმუში (10-15 გვერდი), რომელსაც შეაფასებს სარედაქციო კომისია.
გადარჩეული განაცხადებიდან, გამარჯვებულებს გამოავლენს კონკურსის ჟიური. ასევე, კონკურსანტებმა უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ სურთ შერჩეული ენის შესწავლა. მათ სამოტივაციო წერილში უნდა ჩანდეს ამ ენაზე არსებული ლიტერატურის დაახლოებითი ცოდნა, რაც პოტენციურ გამომცემელთან სამომავლო თანამშრომლობასაც გაუმარტივებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის პრიორიტეტული ენებია: იაპონური, პორტუგალიური, უნგრული, შვედური, ჩინური, ფინური, ესპანური, იტალიური, კორეული და არაბული.
ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება 2021 წლის 30 ივნისამდე, ხოლო სასტიპენდიო განისაზღვრება 10 თვით და აითვლება 2021 წლის ივლისიდან. მონაწილეებმა, კალენდარული წლის ბოლოს, არა უგვიანეს 20 დეკემბრისა, უნდა წარმოადგინონ ამ დროისთვის მათი ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტები.