კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამა აცხადებს მიღებას სკოლის კონსულტანტის შერეული (ჰიბრიდული) ფორმატის სასერტიფიკაციო კურსზე.
შერჩეული მონაწილეებისთვის სწავლება უფასოა. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე (სექტემბერი-ნოემბერი 2023).
კურსი ხორციელდება სკოლა-ლაბის პროექტის – „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ პირველი ფაზის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.
კურსის მიზანია სკოლის კონსულტანტების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლებიც დაეხმარებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული ცვლილებების განხორციელებაში. სულ უფრო ძლიერდება ხედვა, რომ განათლების რეფორმის მთავარი სამიზნე და იმავდროულად მოქმედი პირიც, თავად სკოლა უნდა იყოს. ძლიერმა და დამოუკიდებელმა სკოლამ უნდა უზრუნველყოს ადგილებზე სწავლა-სწავლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შეიქმნას სკოლების განვითარების მხარდამჭერი მექანიზმები, მათ შორის საკონსულტაციო სერვისი, რომელიც დაეხმარება სკოლას ორგანიზაციული შეფასების, სკოლაში სტრატეგიული დაგეგმვის, ცვლილებების მართვის და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების სრულყოფაში. კონსულტანტების საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს ხარისხის მართვის შიდა სასკოლო სისტემების გაუმჯობესებას და სკოლების, როგორც ავტონომიური, ღია ორგანიზაციების განვითარებას.
საქართველოში კონსულტანტთა ამგვარი კოჰორტა ფორმირების პროცესშია. მოცემული კურსი ეხმიანება ამ გამოწვევას და მიმართულია რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების გაძლიერებისკენ.
კურსი შედგება ოთხი ძირითადი მოდულისაგან:
-ზოგადი განათლების სისტემა საქართველოში
-სწავლა-სწავლების განვითარება სკოლაში
-ხარისხის მართვა სკოლაში
-კონსულტირება სკოლაში
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/rHZ49
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა : https://shorturl.at/dpqsN და დაურთონ თავიანთი პროფესიული რეზიუმე.
წარდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისი, 2023. დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება.
გასაუბრების ეტაპზე გადასულ აპლიკანტების სკოლა-ლაბი დაუკავშირდება არაუგვიანეს 15 ივლისისა, 2023.