უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს. საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 2016 წლიდან, საქართველოსა და უნგრეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მხრიდან ფინანსდება საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურების აკადემიური პროგრამები, სემესტრული გაცვლითი პროგრამები და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები.
ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს პარალელურად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემასა https://app.iec.gov.ge და უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის Dream Apply-ის ელექტრონულ სისტემაში https://apply.stipendiumhungaricum.hu/ .
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ორივე სისტემაში სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილი ვადებისა და წესების დაცვით. ელექტრონულ სისტემებში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე.
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:
– სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის სისტემაში: 2024 წლის 15 ნოემბრიდან – 2025 წლის 15 იანვრის 17:00 საათამდე (ადგილობრივი/თბილისის დროით).
– უნგრეთის Dream Apply -ის სისტემაში: 2024 წლის 15 ნოემბრიდან – 2025 წლის 15 იანვრის 14:00 საათამდე (ცენტრალური ევროპული დროით).
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.