აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი ფაზა დაიწყო. პროგრამა იწვევს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს ან სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებს და კაცებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან — გაერთიანდნენ სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო ქსელში.
სტიპენდიების გაცემის ძირითადი მიზანი იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში დადებითი სოციალური ცვლილებებისთვის იღვწიან. სტიპენდიის გაცემის შედეგად გაიზრდება ამ ადამიანთა პოტენციალი, კონსტრუქციულად ითანამშრომლონ საზოგადოებასა და ხელისუფლებასთან და ხელი შეუწყონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას.
შერჩეულ კანდიდატებს უზრუნველყოფენ სპეციალური ტრენინგით და ქოუჩინგით. მათ, ამასთან, გადაეცემათ 5,000 ევრო შესაბამისი ღონისძიებების ჩასატარებლად და საჭირო კავშირების დასამყარებლად.
კონკურსი ცხადდება ორი სახის სტიპენდიაზე: ერთია საზოგადოებრივი ჩართულობის სტიპენდიები, ხოლო მეორე — ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის 18 წელს გადაცილებული და კარგად ფლობს ინგლისურ ენას.
განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 2022 წლის 17 იანვარი.
განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.