საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა არის თემატური დაფინანსების მექანიზმი, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით:
1.პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.
2.ღონისძიების გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;
3.სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით.
საგრანტო განაცხადი, რომელიც ორიენტირებულია სტარტაპის შექმნაზე, შემოსავლებისა და ტექნოლოგიის განვითარების კუთხით დამატებითი დაფინანსების მოძიებაზე მიენიჭება უპირატესობა.
დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს (იხ. გრანტების შესახებ საქართველოს კანონი).
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგების შესახებ ამცნობს პროექტის ავტორს.
მცირე გრანტების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გრანტების პორტალს – www.grants.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე: +995 32 2 00 44 82.