აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს 2023 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შემდეგი მიმართულებებით:
-გენდერული თანასწორობა
-ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზია
-დამოუკიდებელი მედიის განვითარება
-კიბერ განათლება და კიბერუსაფრთხოება,
-საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება
-ხარისხიან ზოგად განათლებაზე წვდომის ზრდა
-ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
-სამეწარმეო განათლება
-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა რეგიონებში
-გარემოს დაცვა.
პროექტზე მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 20,000 აშშ დოლარს. საპროექტო განაცხადი უნდა იყოს მორგებული ადგილობრივი თემების რეალურ საჭიროებებზე და ჰქონდეს გაზომვადი შედეგები. პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორთან, და/ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მაცხოვრებელ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს (https://alumni.state.gov/list-exchange-programs ). სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ საერთო პროექტის წარდგენა.
განმცხადებლებს შეუძლიათ მაქსიმუმ ორი (2) პროექტის წარდგენა განაცხადის ვადაზე. ორზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, სხვა განაცხადებიც ანულირდება.
პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის ერთი (1) წელი. სამშენებლო, სარემონტო, საქველმოქმედი და მოგებაზე ორიენტირებული პროექტები ამ პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი პროგრამის რამდენიმე მონაწილე გაერთიანდება საერთო პროექტის გარშემო, მოთხოვნილი თანხა მაინც არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ 20,000 აშშ დოლარს. შემომტანი აპლიკანტი უნდა იყოს ინდივიდუალურად ალუმნი ან ალუმნების ჯგუფი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციასთან. გრანტის ორგანიზაციაზე გაფორმების შემთხვევაში, ორგანიზაცია ვალდებულია დარეგისტრირდეს SAM.gov პლატფორმაზე.
თანადაფინანსება სავალდებულო არ არის.
გრანტის ფარგლებში გამოცემული ყველა ბეჭდური თუ ვიზუალური მასალა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საელჩოს შესაბამის განყოფილებასთან.
ბიუჯეტი:
განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დეტალური ბიუჯეტი და ბიუჯეტის განმარტება. ბიუჯეტის მუხლები უნდა იყოს მაქსიმალურ დეტალებში გაწერილი. ბიუჯეტი უნდა გაიწეროს აშშ დოლარში და საბოლოო საგრანტო ხელშეკრულებაც გაფორმდება აშშ დოლარში.
პერსონალი: პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ხელფასები და ჰონორარები (მათ შორის აპლიკანტი ალუმნის). ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს. გთხოვთ, დეტალურად აღწერეთ ყველა იმ კადრის ხელფასი, ვინც უშუალოდ ჩართული იქნება პროექტში, მათი პროექტზე დახარჯული დროის პროცენტულობების მითითებით.
მგზავრობა: მგზავრობისა და მგზავრობასთან დაკავშირებული დღიური ხარჯებიც წინასწარ უნდა აისახოს ბიუჯეტში. ის შეიძლება მოიცავდეს მძღოლის ხელფასს, მანქანის დაქირავებისა და საწვავის ხარჯებს. თუ პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მგზავრობას, საჭიროა ამ მგზავრობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის დასაბუთება. ასეთ შემთხვევაში, გრანტიორი ვალდებულია შეიძინოს მოგზაურობის დაზღვევა და ასლი წარადგინოს საელჩოში.
მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება: ჩამოთვალეთ და აღწერეთ ყველა ის ტექნიკა, ნივთი და მასალა, რაოდენობისა და ფასის მითითებით, რისი შესყიდვაც პროექტის განსახორციელებლად არის საჭირო. შესაძლებელია ტექნიკის დაქირავების თანხის მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ შესყიდვაზე დაბალხარჯიანია.
სხვა პირდაპირი ხარჯები: აღწერეთ ყველა სხვა ხარჯი, რაც უშუალოდ პირდაპირ კავშირშია პროექტთან, მაგრამ არ ჯდება სხვა ხარჯვით კატეგორიაში.
ამ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების არსებობა არ არის სავალდებულო. თანადაფინანსება გულისხმობს საელჩოს გარდა ყველა სხვა ორგანიზაციის წვლილს პროექტში და, არსებობის შემთხვევაში, დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ბიუჯეტში.
ცალკე აღწერეთ განმცხადებლის და/ან პარტნიორი ორგანიზაციის წვლილი, რომელიც გულისხმობს ისეთ არა-ფულად თანამონაწილეობას, როგორიცაა მოხალისეობრივად შესრულებული სამუშაო ან უფასოდ დათმობილი ფართი.
კვება: ღონისძიებებისთვის და კონფერენციებისთვის ფურშეტისა და კვების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტისთვის მოთხოვნილი თანხის 10%-ს.
ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს. კონკურსის საბოლოო ეტაპზე, თუ გრანტი გაფორმდა პარტნიორ ორგანიზაციაზე, გრანტი თავისუფლდება დღგ-სგან შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად.
ბიუჯეტის შეზღუდვები: ალუმნი პროგრამის ფარგლებში აკრძალულია შემდეგი სახეობის აქტივობები და ხარჯები, და ასეთების არსებობის შემთხვევაში კომიტეტი განაცხადს არ განიხილავს:
ადმინისტრაციული ხარჯები, როგორიცაა ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, ოფისის ქირა და ოპერაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 30%-ს;
სამშენებლო და სარემონტო ხარჯები;
ალკოჰოლური სასმელები და გასართობი აქტივობები (მაგ. დიჯეის მოწვევა დახურვის ცერემონიისთვის);
საქველმოქმედო საქმიანობები და მოსახლეობისთვის სოციალური მომსახურების პირდაპირ გაწევა;
პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება;
კონკრეტული რელიგიური საქმიანობების მხარდაჭერა;
ფონდების მოზიდვის კამპანიები;
სამეწარმეო კაპიტალი, კომერციული საწარმოები, ან პროექტში მონაწილეობის საფასურის დაწესება;
ინდივიდუალური სტიპენდიები;
პროექტები პიროვნული განვითარებისთვის;
არსებული პროგრამების იდენტური პროგრამები.
საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ შეკითხვით კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov სათაურით Alumni Program.
გრანტს აფორმებს, ხელს აწერს და ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს გრანტების ოფიცერი. საგრანტო ხელშეკრულება არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულად გადაეგზავნება გრანტის მიმღებს გასაცნობად და ხელმოსაწერად. გრანტის მიმღებს პროექტისთვის ფინანსური ხარჯვის დაწყება შეუძლია მხოლოდ ხელმოწერილ საგრანტო ხელშეკრულებაზე მითითებული პროექტის დაწყების თარიღის შემდეგ.
განაცხადის დაფინანსების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს მომავალი დამატებითი დაფინანსების ვალდებულებას. გადაწყვეტილებას გრანტის განახლების, დაფინანსების გაზრდის ან პროექტის ვადის გაგრძელების შესახებ იღებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
კონკურსის გამოცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს გრანტების გაცემის ვალდებულებას, არც განაცხადის შემოტანისას გაწეული ხარჯების დაფარვის ვალდებულებას.
გადახდის მეთოდი
ყველა გადახდა განხორციელდება ელექტრონული გადარიცხვით. გადარიცხვების რაოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებაში.
გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Alumni Program).
ანგარიშგება
გრანტიორებს მოეთხოვებათ ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ჩაბარება საელჩოსთვის საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებული ანგარიშგების სიხშირისა და ვადების გათვალისწინებით.
სააპლიკაციო ვადები
გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ მითითებულ თარიღებამდე: 25 აპრილი, 2023
აპლიკანტს შეუძლია მაქსიმუმ ორი განაცხადის შემოიტანა.
სავალდებულო რეგისტრაცია
გამარჯვების შემთხვევაში, გრანტის მიმღები ყველა ორგანიზაცია ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს SAM.gov პორტალზე, რომელიც რამდენიმე ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცესია.
რეგისტრაცია და წლიური განახლება ორივე პორტალზე უფასოა.
დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.