რა უნდა იცოდეთ ბავშვის ევროპულ სკოლაში გასაგზავნად

უცხოური განათლების მთავარი ღირებულება იმაშია, რომ ის ადამიანს მთელ რიგ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს სძენს, ასწავლის თვითდისციპლინას. კერძო ევროპული სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ბევრად იოლია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება. როგორ შეიძლება ევროპაში სკოლის არჩევა და რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დიდი ბრიტანეთის, იტალიის და შვეიცარიის სასწავლო დაწესებულებები?

რით არის განსხვავებული ევროპული განათლება?

ევროპული განათლების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი – მისი ამოცანებია. ევროპული განათლების არსია – მოსწავლეებს პრაქტიკული ცოდნა მისცეს და ასწავლოს მათ აზროვნება და დამოუკიდებელი ანალიზი რომ მზად იყვნენ რეალური ცხოვრებისა და პროფესიის ცნობიერად არჩევისათვის. ევროპაში მოსწავლეს და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არა უმცროს-უფროსული, არამედ პარტნიორულია. გარდა ამისა, ევროპული სისტემა ახალისებს მოსწავლისადმი პერსონალიზებულ მიდგომას: თითოეულს იმ საგნების არჩევა შეუძლია, რომელიც მოსწონს.

ევროპული სკოლების უპირატესობა ის არის, რომ მათი კურსდამთავრებულები იოლად განაგრძობენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ევროპულ სკოლაში სწავლა უზრუნველყოფს ასევე ცოდნის აუცილებელ დონეს და უცხო ენის ფლობას. სკოლაში არიან კონსულტანტები, რომლებიც ბავშვებს მომავალი სპეციალობის არჩევაში ეხმარებიან, ასევე ამზადებენ უნივერსიტეტის გამოცდებისათვის და ეხმარებიან იმ დოკუმენტების შეგროვებაში, რომელიც მათ ჩარიცხვისთვის სჭირდებათ. ეს ყველაფერი მოზარდებს უნივერსიტეტში ჩაბარების გარანტიას უქმნის, თანაც არამხოლოდ ევროპის, არამედ, მაგალითად, აშშ-ის უნივერსიტეტებშიც.

როგორ მუშაობს სკოლები ევროპაში?

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვები სწავლობენ დაახლოებით 6-დან 18 წლამდე. არსებობს დაბალი (6-11 წელი), საშუალო (11-16 წელი) და მაღალი (16-18 წელი) სკოლა. სწავლის ბოლოს ყველა აბარებს გამოსაშვებ გამოცდას. ამასთან, სკოლები იყოფა მუნიციპალურ და კერძო სკოლებად. მუნიციპალურები ხელმისაწვდომია უცხოელი ბავშვებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მშობლები ცხოვრობენ ან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ქვეყანაში, ამიტომ უხოელების უმრავლესობა კერძო სკოლებში აბარებს.

კერძო სკოლებში, კლასში 15-20 ბავშვი სწავლობს. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რამდენიმე ძირითად საგანზე, რომ ამ საგნების მიხედვით წარმატებით ჩააბარონ საატესტატო გამოცდა. მოწაფეების მოსწრება ევროპულ სკოლებში დამოკიდებულია თავად სტუდენტის მოტივირებულობასა და გაცნობიერებულ მუშაობაზე, ამიტომ თუ მოზარდი არ იქნება დაინტერესებული ამა თუ იმ საგნის შესწავლით, ნიშნებიც შესაბამისად დაბალი იქნება.

ევროპის საგანმანათლებლო სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება?

მთელ ევროპაში სკოლები საერთო სტანდარტს იცავენ, მაგრამ დეტალებში შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება სწავლების ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილს – სკოლის ბოლო ორ წელიწადს, რომელიც მოსწავლეს ატესტატის მიღებისათვის ამზადებს. კერძო ევროპულ სკოლებში სწავლება იგება დიდწილად IB-ის (International Baccalaureate) საერთაშორისო პროგრამით, ხოლო დიდ ბრიტანეთში უფრო გავრცელებულია მათთვის ტრადიციული A-Level-ი, შვეიცარიაში სწავლა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის სისტემის მიხედვით შეიძლება.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში სასწავლო წელი სექტემბერში იწყება და ტრიმესტრებად იყოფა (თითო ტრიმესტრი – 13 კვირა); სწავლება, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზეა. 14 წლიდან მოსწავლეები ერთვებიან პროგრამაში, რომელიც მათ ამზადებს საშუალო განათლების სერტიფიკატის GCSE (General Certificate of Secondary Education) მისაღებად. მასში შედის სავალდებულო საგნები (ინგლისური და მათემატიკა) და რამდენიმე დამატებითი საგანი, რომლებსაც თავად არჩევენ (მაგალითად, ხელოვნება, დიზაინი, ბიზნესი, უცხო ენები და სხვ.). პროგრამის ბოლოს აბარებენ გამოცდას და იღებენ სერტიფიკატს ქულების შეფასების სისტემით.

16 წლიდან სკოლაში იწყება A-Level-ი – უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მოსამზადებელი პროგრამა. ის მოიცავს სავალდებულო საგნებს და დამატებით ორ-სამ დისციპლინას ასარჩევად. მოზარდებს შეუძლიათ როგორც ზუსტი მეცნიერებების, ასევე ბიზნესის საფუძვლების, ბუღალტერიის და კულინარიის, ასევე ენების, მათ შორის ძველბერძნულის და ლათინურის სწავლაც. ყველა საგნის შესწავლის ბოლოს ბარდება გამოცდა. საგნების და საგამოცდო ნიშნების ერთობლიობაზეა დამოკიდებული ის, მიიღებენ თუ არა მოსწავლეს სასურველ უნივერსიტეტში. სამაგიეროდ, A-Level-ის დიპლომებს არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის და ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტები აღიარებენ.

დიდი ბრიტანეთის სკოლებში სწავლის ფასები შეიძლება განსხავავებული იყოს, მაგრამ საშუალოდ ის წელიწადში დაახლოებით 30 000 ფუნტია.

იტალია

იტალიური საშუალო განათლება 13 წელს გრძელდება. 5-6-დან 18-19 წლამდე. იტალიის ბევრი კერძო სკოლა გაკვეთილებს IB პროგრამით ინგლისურ ენაზე ატარებს. IB პროგრამა შვეიცარიაში შეიმუშავეს, როგორც უნივერსალური სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა ევროპელი ბავშვებისათვის, რომლებმაც სწავლა უნივერსიტეტებში უნდა განაგრძონ. პროგრამა მოიცავს სავალდებულო საგნებს, როგორებიცაა მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზოგადი კურსი, ორი ენა – მშობლიური და უცხოური, ასევე ორი საგანი, რომელსაც თავად მოსწავლე აირჩევს. IB დიპლომისა და გარკვეული დონის შეფასებების მქონე აბიტურიენტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში ჩაბარება გამოცდების გარეშე შეუძლია, გარდა ესპანეთისა, სადაც უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად ინდივიდუალურ გამოცდებს აბარებენ.

კერძო იტალიურ სკოლა-პანსიონში სწავლა წელიწადში საშუალოდ 30 000 ევროა.     

შვეიცარია

შვეიცარიაში სწავლა ოთხ ენაზეა შესაძლებელი: ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად და ინგლისურად. ქვეყანაში დაახლოებით 250 სკოლა-პანსიონია, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემების მიხედვით მუშაობენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია A-Level-ი და IB-ი. სკოლის მოსწავლეები ასევე ირჩევენ იმ საგნებს, რომლებიც მათ უნივერსტეტებში ჩასაბარებლად გამოადგებათ, სწავლობენ ჰუმანიტარულ დისციპლინებს, საბუნებისმეტყველო საგნებს, მათემატიკას და ხელოვნებას, სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ივითარებენ დამოუკიდებელი მუშაობის უნარებს. ძირითადი დისციპლინების გარდა სასკოლო პროგრამა მოიცავს კლასგარეშე მეცადინეობას და სპორტს. შვეიცარიაში განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის ზამთრის სახეობები: სამთო თხილამურები, სნოუბორდი და ციგურაობა. 

შვეიცარიის კერძო სკოლაში სწავლის წლიური საფასური იწყება 40 ათასი ევროდან. უფრო პრესტიჟულ სკოლებში სწავლის ღირებულება წელიწადში 100 ათას ევროსაც აღწევს.

ევროპულ სკოლაში ჩასარიცხად რა საბუთებია საჭირო?

უცხოელმა მოსწავლემ ევროპულ სკოლას რამდენიმე დოკუმენტი უნდა მიაწოდოს. როგორც წესი, ეს არის ბოლო ორი-სამი წლის ნიშნების ფურცელი, რეკომენდაციის წერილები სკოლის დირექტორის, ასევე მათემატიკის და უცხო ენის მასწავლებლებისაგან. ზოგიერთ სკოლაში ითხოვენ ენის ცოდნის სერტიფიკატს, ყველაზე ხშირად ესაა IELTS-ი ან TOEFL-ი.

ყველა სკოლას მიღების თავისი წესი აქვს. ზოგიერთი დოკუმენტების სტანდარტული პაკეტის გარდა მოითხოვს ტესტის ჩაბარებას ცალკეულ საგნებში, მაგალითად უცხო ენაში, ასევე ლოგიკის და მათემატიკის ამოცანების ამოხსნას. ტესტირების გარდა სკოლები აბიტურიენტებთან გასაუბრებებსაც ატარებენ.

თუ აბიტურიენტი ყველა ტესტს წარმატებით ჩააბარებს, სკოლა მას მიღებაზე დადასტურებას და სწავლის საფასურის ანგარიშს უგზავნის – დეპოზიტს ან პირველი სემესტრის ღირებულებას. თანხის გადახდის შემდეგ, მოსწავლე მოსაწვევ ვიზას იღებს. ქვეყნების უმრავლესობა მათ გასცემს სკოლაში სწავლის სრულ პერიოდზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ვიზის განახლება ყოველწლიურად არის საჭირო.

მოსწავლეები როგორ ცხოვრობენ? მათ უსაფრთხოებას ვინ იცავს?

როგორც წესი, უცხოელ მოსწავლეებს ევროპაში სწავლის და ცხოვრების ორი არჩევანი აქვთ: არსებობს დღის სკოლები, რომლებშიც ბავშვები მხოლოდ სწავლობენ და ცხოვრობენ მიმღებ ოჯახებში. არსებობს ასევე სკოლა-პანსიონები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ და ცხოვრეობენ კიდეც. ორივე ვარიანტი გულისხმობს კვებას, სამედიცინო დახმარებას, მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მომზადების ინდივიდუალურ პროგრამებს.

სკოლა-პანსიონების კამპუსების ტერიტორიებს საგანგებოდ იცავენ. ბევრგან 15 წლამდე ბავშვებს პედაგოგების გარეშე ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ. მაგრამ უფროსკლასელებს ქალაქში სასეირნოდ (მაგალითად, საყიდლებზე ან კინოში) უშვებენ იმ პირობით, რომ კონტაქტზე იქნებიან და დათქმულ დროს დაბრუნდებიან.

დღის განრიგი მოსწავლის ასაკსა და კონკრეტული სკოლის წესებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ გაკვეთილები გრძელდება სადილამდე, შემდეგ კი ბავშვები ან სწავლას უბრუნდებიან ან სპორტით კავდებიან. საღამო – ჰაერზე თამაშის ან კომპიუტერულ კლასებში ყოფნის, კინოს ყურების და მშობლებთან ინტერნეტით ურთიერთობის დროა. პანსიონებში მოსწავლეები საკუთარ თავზე ზრუნვას სწავლობენ, ამიტომ მათ უწევთ ოთახების დალაგებასა და სარეცხის რეცხვაზე დროის გამოყოფა.

თუ ბავშვს პრობლემები აქვს სწავლის ან ქცევის მხრივ, მშობლებს ამის შესახებ უმალ ატყობინებენ. ისინი ინფორმირებული არიან ბავშვის დასჯის შესახებაც. დასჯის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – გაკვეთილებზე არდაშვება და სხვა ბავშვებთან ერთობლივ აქტივობებში მონაწილეობის დროებით აკრძალვა. ქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შემთხვევაში, მაგალითად, თუ მოსწავლე თანაკლასელებს ზიანს აყენებს, სკოლა მშობლებს გასაუბრებაზე იბარებს.

ევროპაში დღემდე არსებობს სკოლები ცალკე ბიჭებისა და ცალკე გოგოებისათვის. ცალკეული ან ერთობლივი განათლების არჩევა დამოკიდებულია მშობლების გადაწყვეტილებასა და ოჯახის მორალურ შეხედულებებზე. მიჩნეულია, რომ ცალკეული სწავლება პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწრებაზე, მაგრამ ხშირად ეს იმით აიხსნება რომ ასეთი სკოლები ისტორიულად უფრო ელიტარულად მიიჩნეოდა და კლასებში, რომლებშიც ცოტა ბავშვი სწავლობს, ინდივიდუალური მიდგომა მეტად გარანტირებულია.

წყარო: imedinews