Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

რა უნდა იცოდეთ აშშ-ის 8 საუკეთესო უნივერსიტეტში მოსახვედრად. გზამკვლევი

Ivy League – ამერიკის შეერთებული შტატების 8 საუკეთესო და უძველესი სასწავლებლის გაერთიანებაა, რომელშიც შედიან ჰარვარდის, იელის, პრინსტონის და კოლუმბიის უნივერსიტეტები. თუ თქვენ ამ სასწავლებლებიდან რომელიმეში გსურთ სწავლა, დროა მოამზადოთ, ჩვენ კი შევეცდებით მთავარი რჩევებით დაგეხმაროთ.

 

ჩამოყალიბდით, რომელ უნივერსიტეტში და რა მიმართულებაზე გინდათ სწავლა

 

თავდაპირველად, სჯობს მიმართულება აირჩიოთ. ამასთან, ამერიკულ უნივერსიტეტებში სპეციალობის შეცვლა მეორე კურსამდე შეიძლება, ამიტომ დასაწყისშივე არ არის საჭირო იმის ზუსტად განსაზღვრა თუ ვინ გინდათ გამოხვიდეთ. შემდეგ – მოძებნეთ შესაბამისი უნივერსიტეტი. არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სასწავლებლის სპეციფიკა. მაგალითად, ჰარვარდში კარგია ბიზნესის და მედიცინის სწავლა, კოლუმბიის უნივერსიტეტში – ჟურნალისტიკის. ასევე ყურადღება მიაქციეთ კამპუსის მდებარეობასა და კლასგარეშე საქმიანობის შესაძლებლობას (მაგალითად, პრინსტონში ქალთა ჰოკეის კლუბია, ხოლო იელში – უძველესი იახტ-კლუბი). უმჯობესია, ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტს დაუმიზნოთ, რაც ჩაბარების შანსს გაგიზრდით. თქვენი საბოლოო სია უნდა შედგებოდეს საოცნებო, სამიზნე (რომლებიც თქვენს პროფილს ყველაზე მეტად შეესაბამება) და უსაფრთხო (სადაც მოხვედრა ყველაზე იოლია) უნივერსიტეტებისაგან.

 

გაარკვიეთ, რა გჭირდებათ ჩაბარებისთვის

 

კერძოდ, რა მოთხოვნები არსებობს აბიტურიენტების მიმართ, რა დოკუმენტებია საჭირო და როდის იწურება მათი წარდგენის ვადა. როგორც წესი, აშშ-ის უნივერსიტეტებში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ინტერნეტით – სპეციალური სისტემის საშუალებით. ჩაბარებისთვის დაგჭირდებათ დიპლომის და ატესტატის ამონაწერების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება (მაგისტრატურისთვის ჩვეულებრივ საკმარისია დოკუმენტი უმაღლესი განათლების შესახებ) და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენს შესახებ პატარა ტექსტის შედგენა. ასევე აუცილებელია მისაღები გამოცდების ჩაბარება: SAT, SAT II ან ACT ბაკალავრიატისთვის და GRE ან GMAT – მაგისტრატურისთვის. გარდა ამისა, აუცილებლად დაგჭირდებათ რეკომენდაციები და სამოტივაციო წერილი თქვენი მიზნებისა და თქვენს შესახებ. უმჯობესია, თუ განაცხადს თან დაურთავთ თქვენს სერტიფიკატებს, დიპლომებს და სამეცნიერო პუბლიკაციებს, ასევე ტექსტს სკოლის მიღმა თქვენი აქტივობების შესახებ. როგორც წესი, ასეთი აქტოვობების დადასტურებას უნივერსიტეტები არ ითხოვენ, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი აღწერა მაქსიმალურად გულწრფელად, რაც განაცხადის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, თქვენ გამარჯვებული ხართ ოლიმპიადებში, აკეთებდით სკოლის გაზეთს, მონაწილეობდით სამეცნიერო წრეში ან საქველმოქმედო კამოანიაში. ამის შესახებ უნივერსიტეტს დეტალურად უნდა უამბოთ – ნებისმიერ ასეთ აქტივობას (უკეთესია – რამდენიმეს) ჩაბარებისას აქტივში ჩაგითვლიან.

 

დროულად დაიწყეთ მომზადება

 

ამერიკელი სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად 13 წლიდან ემზადებიან: ეს მათ ეხმარება კარგად მოამზადონ საგნები, მეტ კლასგარეშე პროექტში ჩაერთონ და შფოთი და ნერვიულობა თავიდან აცილონ. თუ თქვენ ამდენი დრო არ გაქვთ, მომზადებას მაინც შეძლებთ, მაგრამ ბევრად უფრო ინტენსიური მეცადინეობა დაგჭირდებათ. ზაფხულში უნივერსიტეტის არჩევა და უკვე შემოდგომაზე იქ სწავლის დაწყება შეუძლებელია. ამიტომ იდეალურ შემთხვევაში, ბაკალავრიატზე ჩაბარებისათვის უმჯობესია თუ მისაღებ გამოცდებამდე ოთხი წლით ადრე დაიწყებთ მომზადებას, ხოლო მაგისტრატურისთვის – ორი ან წელიწადნახევრით ადრე.

 

დაეკონტაქტეთ სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს  

 

ჩაბარებისთვის მზადებისას სასარგებლო იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებთან ან კურსდამთავრებულებთან საუბარი – მათ ყველაზე კარგად იციან სწავლების ყველა დეტალის, საგანმანათლებლო პროგრამების პლიუსების და მინუსების, ასევე მომზადების წარმატებული სტრატეგიის შესახებ. სტუდენტთა ჯგუფების და კურსდამთავრებულების პოვნა სოციალურ ქსელში შეიძლება. ასევე, სტუდენტურ საზოგადოებათა კონტაქტებს ზოგჯერ უნივერსიტეტების ოფიაციალურ ვებგვერდებზეც აქვეყნებენ.

 

გადაწყვიტეთ, როგორ აპირებთ განაცხადის წარდგენას

 

ამერიკულ უნივერსიტეტებში განაცხადის წარდგენის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთია, Early Decision, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თქვენ ირჩევთ ყველაზე პრიორიტეტულ უნივერსიტეტს და დოკუმენტებს ჩვეულ ვადაზე ადრე აგზავნით – ხშირად, პირველ ნოემბრამდე. ამ გზამ შესაძლოა თქვენი უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი გაზარდოს: როგორც წესი, მისაღები კამპანიის დასაწყისში უნივერსიტეტები აბიტურიენტებს მეტი ხალისით იღებენ და ჩაბარებაც ორჯერ უფრო იოლია. დოკუმენტების წარდგენის კიდევ ერთი ვარიანტია – Regular Decision. თუ თქვენ მას აირჩევთ, მაშინ დოკუმენტების წარდგენა მოგვიანებით შეგიძლიათ – დეკემბერში ან იანვარში (ვადები კონკრეტულ უნივერსიტეტზეა დამოკიდებული). ამასთან, უნივერსიტეტების რაოდენობა შეუზღუდავია.

 

ვიზის შესახებ არ დაგავიწყდეთ

 

როგორც წესი, უნივერსიტეტები განაცხადებს ერთი-ორი თვის განმავლობაში განიხილავენ. თუ თქვენს განაცხადზე უნივერსიტეტმა დადებითი პასუხი მოგწერათ, ვიზის მიღება მოგიწევთ. სტუდენტებს აშშ-ში სწავლისთვის სჭირდებათ სტუდენტური ვიზა F-1. ამ ვიზით თქვენ შეძლებთ კვირაში რამდენიმე საათს მუშაობას, ხოლო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამუშაოს მოსაძებნათ ერთ წელიწადსაც მოგცემენ. ამ ვიზის მისაღებად ყველაზე იოლი გზაა მიმართოთ საელჩოს.