
განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლის დაფინანსება 2014 წლიდან დაიწყო. აქედან დღემდე, ცენტრმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა საზღვარგარეთ. 2019 წლის ჩათვლით, პროგრამის ბიუჯეტი 33 456 451 ლარი იყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრის საქმიანობა შეისწავლა, რომელიც 2014-2019 წლებს მოიცავს. აუდიტის მასალების მიხედვით, ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.
აუდიტის შეფასებით, 2018-2020 წლებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბენეფიციარებს ბიუჯეტში 523 675 ლარი უნდა დაებრუნებინათ. დაბრუნდა 271 328 ლარი (52%).
2014-2019 წლებში დაფინანსების მიღების მიზნით ცენტრს 3 448 პირმა მიმართა, დაფინანსება კი 640-მა სტუდენტმა მოიპოვა. პროგრამის მიზანია, სტუდენტები დაბრუნდნენ ქვეყანაში და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული ცოდნის რეალიზების მიზნით.