Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

მედია პარტნიორობის პროგრამა რეგიონული ონლაინ მედიასაშუალებებისთვის

IREX-ის საქართველოს ოფისი აცხადებს ღია კონკურსს ონლაინ მედიასაშუალებებისთვის რომლებიც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ არიან ბაზირებული, საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) 2021 წ. მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ა.შ.შ.-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია რეგიონში ბაზირებული 2 ქართული ონლაინ მედია საშულების შერჩევა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. GMPP პროგრამის მიზანია ქართული მედიის როგორც ორგანიზაციებისა და მდგრადი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა ამერიკულ პარტნიორ მედიასთან ვირტუალური თანამშრომლობითა და ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების გზით.

თითოეულ შერჩეულ ქართულ მედიასაშუალების შესაძლებლობა ექნება მიიღოს:

ვირტუალურ პარტნიორობაში მონაწილეობა ციფრული დიალოგებითვიზიტების დაწყებამდე, პროგრამის თანამშრომლები ვირტუალურად გააცნობენ ერთმანეთს ქართული და ამერიკული მედიების წარმომადგენლებს და მოახდენენ მათ შორის ონლაინ კომუნიკაციის ფასილიტაციას. ქართული მედიები ითანამშრომლებენ ამერიკელ კოლეგებთან დისტანციურად, ეყოლებათ მენტორები და ჩაერთვებიან ონლაინ დისკუსიებში წინასწარ შერჩეულ თემებზე.

პარტნიორობის ინოვაციის გრანტი

თითოეულ შერჩეულ მედიასაშუალებას შეეძლება მიიღოს 2,000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით (ფიქსირებული თანხა ეტაპობრივი გადახდის მექანიზმით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით). მცირე გრანტის მიღების აუცილებელი მოთხოვნა იქნება ქართული მედიასაშუალების თანამშრომლობა ამერიკულ პარტნიორ მედიასთან საგრანტო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე და პარტნიორობის გზით გაცნობილი ინოვაციების გამოყენება ამერიკელი კოლეგების ჩართულობით, ზედამხედველობითა და ტექნიკური დახმარებით.

პარტნიორული გაცვლითი ვიზიტები

თითოეული შერჩეული მედიის 4 თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება ა.შ.შ.-ში გაიაროს ერთკვირიანი სტაჟირება (2 მონაწილე თითო ვიზიტზე, ან 4 მონაწილე ერთ ვიზიტზე), რომელიც მოიცავს ამერიკელი კოლეგების მუშაობაზე უშუალო დაკვირვებას, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მსგავსი მედიასაშუალების ამერიკულ მედიაბაზარზე ფუნქციონირების გაცნობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის კულტურის, საზოგადოებისა და ღირებულებების უკეთ გაცნობას.

საპასუხოდ, თითოეული შერჩეული ონლაინ მედიასაშუალება უმასპინძლებს ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ 2 ექსპერტს ამერიკული პარტნიორი მედიასაშუალებიდან. ამერიკელი მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ჩაატარებენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მენტორობას გაუწევენ თანამშრომლების გუნდს და მისცემენ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს.

2021 წლის განმავლობაში ა.შ.შ.-სა და საქართველოში პარტნიორული გაცვლითი ვიზიტების განხორციელება და თარიღები დამოკიდებული იქნება გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, სამთავრობო რეგულაციებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებზე, საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვებზე და მასპინძელი ორგანიზაციების შიდა პროცედურებზე.

GMPP პროგრამის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ ქართულ და ამერიკულ მონაწილე მედიასაშუალებებთან, რათა ხელი შეუწყონ მჭიდრო და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების მეშვეობით და ვიზიტებს შორის ონლაინ კონსულტაციებით, რათა მოხდეს ქართულ მედიასაშუალებებში ინოვაციური იდეების დანერგვა, თანამშრომელთა ძირითადი გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული უნარების განვითარება.

კონკურსის მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

პროგრამის წარმატებით განხორციელება ეფუძნება შერჩეულ ქართულ მედიას, IREX-სა და ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებას შორის მჭიდრო, ინტენსიურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას როგორც რეალურ ასევე ვირტუალურ სივრცეში, რასაც საფუძვლად უდევს ურთიერთნდობა და პატივისცემა, მაღალი მოტივაცია და შესაბამისი რესურსების არსებობა.

შესაბამისად, IREX-ი ეძებს ისეთ რეგიონულ ონლაინ მედიასაშუალებებს, რომლებიც მზად არიან პროგრამაში მონაწილეობას მიუდგნენ სრული პასუხისმგებლობით, ძალისხმევითა და გამჭვირვალობით. შერჩეული მედიასაშუალებები ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ ღია ორმხრივი კომუნიკაცია IREX-თან და იყონ ამერიკულ პარტნიორ მედიასთან თანამშრომლობის მამოძრავებელი ძალა, რათა მიაღწიონ რეალურ პროგრესს. ორგანიზაციას უნდა შეეძლოს და გამოთქვას მზაობა წარადგინოს ფინანსური, წერილობითი და ზეპირი ანგარიშები, და რეგულარული უკუკავშირი მიღწეული პროგრესის დასაბუთების მიზნით.

აქედან გამომდინარე, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონში მედიასაშუალებებს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ყველა კრიტერიუმს:

  1. წარმოადგენს ონლაინ მედიასაშუალებას, რომელიც ფოკუსირებულია ციფრულ კონტენტზე და წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმებზე
  2. ბაზირებულია საქართველოს რომელიმე რეგიონში, თბილისის ფარგლებს გარეთ, დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მაცხოვრებლები და აშუქებს ადგილობრივ თემებს
  3. ახალი ამბების გარდა, რეგულარულად აწარმოებს სიღრმისეულ, ანალიტიკურ და/ან საგამოძიებო მულტიმედია მასალებს და/ან ადამიანურ ისტორიებს/ჩანახატებს
  4. გამოხატავს მზადყოფნას და მაღალ მოტივაციას ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობა ამერიკულ პარტნიორ მედიასაშუალებასთან როგორც ვირტუალურად, ასევე პირადი შეხვედრისას
  5. აქვს პარტნიორობის ფარგლებში ინოვაციური მიდგომების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსი

შეფასების კრიტერიუმები:

კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ მედია ბაზარზე – 20%

  • წარმოადგენს ახალი ამბების და ინფორმაციის სანდო წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
  • აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალია პოლარიზების გამომწვევი ზეგავლენისგან პოლიტიკური აფილიაციის, ბიზნეს ინტერესების ან სხვა მხრიდან

კონტენტის ხარისხი – 20%

  • სიღრმისეულ, ანალიტიკურ და/ან საგამოძიებო მასალების, ბლოგების, ჩანახატების რეგულარული წარმოება ისეთ თემებზე, როგორებიცაა დემოკრატიული პროცესები, ადგილობრივი მეწარმეობა, ეკონომიკური განვითარება, გენდერული თანასწორობა, ინკლუზია და ტოლერანტობა, უმცირესობათა უფლებები, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო აქტივიზმი ან სამოქალაქო საზოგადოება
  • ფართო საზოგადოების, პრიორიტეტული (ნიშური) აუდიტორიისთვის ან მოწყვლადი ჯგუფებისთვის წარმოებული ციფრული მულტიმედია კონტენტის მრავალფეროვნება, ხარისხი და ბალანსი

ადამიანური რესურსი – 20%

  • ჰყავს თანამშრომელთა გუნდი, რომელიც იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ჟურნალისტურ სტანდარტებს, როგორებიცაა ფაქტების სიზუსტის გადამოწმება და მოვლენების მიუკერძოებელი, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი გაშუქება
  • თანამშრომლები და მენეჯმენტი რეალურად მოწადინებულია შეიძინოს და გამოიყენოს ახალი უნარები

ორგანიზაციის შიდა რესურსი – 20%

  • აქვს საკმარისი ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსი, რათა პირნათლად შეასრულოს პარტნიორულ პროგრამაში მონაწილეობით გათვალისწინებული ვალდებულებები
  • ორგანიზაციული განვითარების ისტორია და სამომავლო გეგმები
  • პარტნიორობის ინოვაციის გრანტის კონცეფციის რეალისტურობა, მნიშვნელობა და მოსალოდნელი გავლენა

მოტივაცია – 20%

  • გამოხატავს გულწრფელ ენთუზიაზმს მჭიდროდ ითანამშრომლოს ამერიკელ კოლეგებთან ონლაინ რეჟიმშიც და პირადი შეხვედრის დროსაც და უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლების პროაქტიული ჩართულობა პროგრამის აქტივობებში
  • რეალურად მოწადინებულია დანერგოს ინოვაციური მიდგომები და ახალი პრაქტიკა ყოველდღიურ საქმიანობაში
  • თანახმაა გაუზიაროს პარტნიორობის შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლების გუნდს და სხვა კოლეგებს

თუ თქვენი ონლაინ მედიასაშუალება აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ პირობებს და დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს ამ შესარჩევ კონკურსში, შეავსეთ GMPP პროგრამის განაცხადის ფორმა. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ და მიჰყვეთ ანკეტაში მოცემულ დეტალურ ინსტრუქციებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის არ არის სავალდებულო ინგლისური ენის ცოდნა. ზეპირი და წერილობითი თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება როგორც ა.შ.შ.-ში ყოფნის, ასევე ამერიკელი პარტნიორების საქართველოში ვიზიტისას

 განაცხადის შეტანის წესი:

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა პარასკევი, 9 ოქტომბერი 17:00 სთ. სრულად შევსებული განაცხადის ფორმები ორივე ენაზე (ქართულად და ინგლისურად) და მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონულად მისამართზე: gmpp-georgia@irex.org. ყველა აპლიკანტს საბუთების გაგზავნიდან 24 სთ განმავლობაში ელ. ფოსტით გაეგზავნება მიღების დასტური. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვიკავშირდით: njavakhishvili@irex.org.

არასრული ან დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნილი მასალა უკან არ დაგიბრუნდებათ, ამიტომ გირჩევთ დაიტოვოთ შევსებული განაცხადის და საბუთების ასლი. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა არ ფარავს შესარჩევი კონკურსისთვის მოსამზადებელ ხარჯებს, მათ შორის ანკეტის თარგმნის საფასურს.

ღია კარის დღე 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, IREX-ისა და ა.შ.შ.-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ ვირტუალურ ღია კარის დღეს პარასკევს, 25 სექტემბერს 12:00 საათზე, რათა დამსწრეებს მიაწოდონ ინფორმაცია პროგრამის შესახებ, უპასუხონ მათ შეკითხვებს და დეტალურად განიხილონ განაცხადის ფორმის შევსებისა და შემოტანის პროცესი. ღია კარის დღეზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზეhttps://bit.ly/32QAF3o. დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ინსტრუქციას თუ როგორ შემოუერთდნენ ღონისძიებას Zoom-ის პლატფორმით. მედიასაშუალებებისთვის რომლებიც გეგმავენ კონკურსში მონაწილეობის მიღებას რეკომენდებულია ღია კარის დღეზე დასწრება.

მონაწილეთა შერჩევა 

შემოსულ განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ მოწვეული კომისია, რომელშიც შედიან ამერიკელი და ქართველი მედია ექსპერტები. მონაწილეთა შერჩევა და კონკურსის გამარჯვებულთა გამოცხადება მოხდება ა.წ. ნოემბერში. ორმხრივი ვიზიტები განხორციელდება 2021 წლის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას შემდეგ რაც გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) და ადგილზე ჩატარდება დეტალური შეფასება, რომელზე დაყრდნობითაც მოხდება პარტნიორობის მორგება თითოეული მონაწილე მედიასაშუალების საჭიროებებზე.

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ

GMPP პროგრამა IREX-ი მიერ 2010 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით. GMPP-ის მისიაა ხელი შეუწყოს ქართული მედიის განვითარებას ამერიკულ

მედიასაშუალებებთან პროფესიული პარტნიორობის დამყარებით. პროგრამას 3 მიზანი აქვს:

  1. ქართულ და ამერიკულ მედიასაშუალებებს შორის მჭიდრო, კოლეგიალური და მდგრადი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ქართული მონაწილეებს შორის გაუმჯობესდება ჟურნალისტური უნარ-ჩვევები, პროფესიული ტექნიკა და ბიზნესის მართვის პრაქტიკა.
  2. ქართველი მონაწილეები ფართოდ გააზიარებენ მიღებულ ცოდნას და ჩამოაყალიბებენ/განავითარებენ პროფესიულ კავშირებს.
  3. ქართველი და ამერიკელი მონაწილეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთის კულტურას, საზოგადოებასა და ფასეულობებს.

დღეისათვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 70-ზე მეტი ორმხრივი გაცვლითი ვიზიტი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 4 ონლაინ მედიასაშუალების, 17 ტელევიზიისა და 2 რადიოს 135-მა თანამშრომელმა და 15 ამერიკული მედიის 50-მა წარმომადგენელმა 10-ზე მეტი შტატიდან. წელს პროგრამა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: #GMPP 10წლისაა.

პარტნიორული ვიზიტების შედეგად, პროგრამის მონაწილე ქართული მედიაში განხორციელდა რიგი პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის: მოხდა მენეჯმენტის სტრუქტურის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, პროგრამული ბადის გამრავალფეროვნება, არსებული პროგრამების, მათ შორის საინფორმაციო გადაცემების გაუმჯობესება და უკეთ შეფუთვა, თემში ჩართულობის გაზრდა სოციალური პროექტების განხორციელებით, ონლაინ მულტიმედია პლატფორმების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდა, უკეთესი მარკეტინგი და პრომოუშენი, ონლაინ სივრცის თანამედროვე მეთოდებით ათვისება და ვებგვერდის განვითარება, სარეკლამო და სასპონსორო პაკეტების გაყიდვებიდან და ალტერნატული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა. დამატებითი ინფორმაცია GMPP პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აირექსის ვებგვერდზე და Facebook-ის გვერდზე.

IREX-ის შესახებ

IREX-ი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1968 წელს დაარსდა და რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. ჩვენი მისიაა უფრო სამართლიანი, წარმატებული და ინკლუზიური სამყაროს შექმნა, ახალგაზრდების მხარდაჭერით, ლიდერების წახალისებით, ინსტიტუციების ხელშეწყობითა და ხარისხიან განათლებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. საქართველოში IREX-ი 1994 წლიდან მუშაობს.

კონტაქტი

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ GMPP პროგრამის თანამშრომლებს ელ. ფოსტით gmpp-georgia@irex.org ან სამუშაო საათებში ტელეფონის ნომერზე: 599 137 100.

0Shares
0