კულტურის სამინისტრომ სტუდენტი რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“. კონკურსის ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს და მისი მიზანია სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესის, ასევე ახალგაზრდა, დებიუტანტ ხელოვანთა წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
კონკურსის ამოცანაა საქართველოს თეატრების რეპერტუარის ახალი შემოქმედებითი ხედვითა და დადგმებით გამდიდრება.
აღსანიშნავია, რომ 2021-22 წლებშიც ჩატარდა მსგავსი კონკურსი. 2021 წლისგან განსხვავებით, როდესაც სტუდენტებს ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში შეეძლოთ სპექტაკლების დადგმა, გასულ წელს არეალი გაფართოვდა და მოიცვა ყველა თეატრი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 46 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა ოთხი პროექტი:
1. სპექტაკლი „შეზღუდული დაისი“ , რომელიც დადგა სტუდენტმა რეჟისორმა ელენე კალანდარიშვილმა თბილისის კამერულ თეატრში; განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ინტერაქტივი“;
2. სპექტაკლი „კაცია-ადამიანი?!”, რომელიც დადგა სტუდენტმა რეჟისორმა რატი კობეშავიძემ გურჯაანის კულტურის ცენტრში; განმახორციელებელი – ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი;
3. სპექტაკლი „ჰედა გაბლერი”, რომელიც დადგა სტუდენტმა რეჟისორმა მანანა ბაქრაძემ ათონელის თეატრში; განმახორციელებელი – შპს „ინჩიპე“;
4. სპექტაკლი „ზღაპარი დაკარგულ დროზე“, რომელიც დადგა სტუდენტმა რეჟისორმა გიორგი ქლაინმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში; განმახორციელებელი – სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
წელს საკონკურსოდ მიიღება უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტ-რეჟისორთა პროექტები საბაკალავრო და სამაგისტრო სპექტაკლების სადადგმო ხარჯის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ თეატრს და/ან ორგანიზაციას. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან 2023 წლის 10 თებერვლის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ. N: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹 დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
🔹 ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
🔹 კონკურსის პირობები- https://cutt.ly/99ZRkE7