ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი და კიბერლაბორატორია „უნილაბი” აცხადებენ კონკურსს „შექმენი ქართული ტერმინი“.
თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი ჩანს, რომ ის ძირითადად ივსება უცხო ენიდან ტრანსლიტერაციის გზით შემოსული ტერმინებით: პრიკველი, სიკველი, ნეთვორქინგი, მერჩენთი, დესკტოპი, სკროლინგი, ფრონტ-დესკ ოფიცერი, პატერნი, ფასილიტაცია და სხვ. მეტიც, ხშირად ქართულ ენაში უკვე დამკვიდრებული ქართული ტერმინებიც კი უგულებელყოფილია და ჩანაცვლებულია უცხო სიტყვებით. მაგ. რითეილი – საცალო ვაჭრობის ნაცვლად, ურგენტული ოპერაცია – სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციის ნაცვლად და სხვ.
კონკურსი „შექმენი ქართული ტერმინი” სხვადასხვა დარგში დამკვიდრებული უცხო ტერმინების მარჯვე ქართული ეკვივალენტის მოძებნასა და მის ქართულ ენასა და მეტყველებაში დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსი გამიზნულია როგორც მაღალი კლასების მოსწავლეებისათვის, ისე სტუდენტებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?
🔗 კონკურსის ვებსაიტის მთავარ გვერდზე – https://terms.iliauni.edu.ge/ – გამოქვეყნებულია ექვსი ტერმინი. მონაწილე ირჩევს ერთ-ერთს და მასზე დაწკაპუნებისას გადადის მოცემული ტერმინის გვერდზე, სადაც ტერმინთან ერთად წარმოდგენილია მისი განმარტება და საილუსტრაციო მაგალითი, რაც კონკურსის მონაწილეებს ტერმინის აღქმას გაუადვილებს. ამავე გვერდზე კონკურსანტი გადის რეგისტრაციას ან ავტორიზაციას (თუ უკვე დარეგისტრირებულია) და სათანადო ველში შეჰყავს აღნიშნული ტერმინის მის მიერ შექმნილი ქართული შესატყვისი.
ტერმინის ქართულ შესატყვისთან ერთად სათანადო ველში კონკურსანტი წერს მცირე დასაბუთებას, რომელშიც ახსნილია მის მიერ შემოთავაზებული ქართული შესატყვისის მართებულობა.
კონკურსზე დარეგისტრირებული პირებისათვის საიტზე განთავსებულია ვიდეოლექცია, რომელიც მონაწილეებს საკონკურსო დავალების შესრულებაში ეხმარება.
მონაწილეებს საკონკურსო ტერმინებისთვის შესატყვისების გამოგზავნა 12 აპრილს, 23:59 საათამდე, შეუძლიათ.
ლექსიკოგრაფებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს საკონკურსოდ გამოტანილი ტერმინების საუკეთესო ქართულ შესატყვისებს და გამოავლენს გამარჯვებულებს.
– გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით აპრილში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
– გამარჯვებული ქართული ტერმინები შევა ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ლექსიკოგრაფიული გუნდის მიერ შექმნილ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებში. ასევე გამოქვეყნდება საიტზე განთავსებული ტერმინების ბაზაში. ტერმინთან ერთად გამოქვეყნდება ქართული ტერმინის ავტორის გვარიც.
კონკურსის ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
🔗 კიბერლაბორატორია უნილაბის ვებგვერდი – https://unilab.iliauni.edu.ge/