გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს – ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.
კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. კონკურსი ტარდება პროგრამის ფარგლებში – ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება 10 მოწყვლად მუნიციპალიტეტში.
კონკურსის წესები
* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ (გორი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი, ქობულეთი) სკოლას. წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის.
* კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომლის განხორციელების შედეგადაც უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ კატასტროფებთან მიმართებით და უნდა უზრუნველყოფდეს ადგილობრივი თემის ჩართულობას.
* საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იმ აქტივობას/აქტივობებს, რომელიც განხორციელდება კონკურსით გათვალისწინებული ჯილდოს თანხობრივი ოდენობით (ბიუჯეტი ასევე უნდა ასახავდეს იმ აქტივობებს, რომლებიც ფულად რესურსს არ საჭიროებს). პროექტის ატივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
წარმოდგენილი პროექტი უნდა უკავშირდებოდეს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან მუნიციპალიტეტისთვის პრობლემურ მინიმუმ ერთ გამოწვევას;
პროექტი უნდა ასახავდეს კატასტროფის რისკის მართვის მზაობის კომპონენტს;
პროექტი უნდა მოიცავდეს გრძელვადიან და მოკლევადიან აქტივობებს;
მნიშვნელოვანია, პროექტში იკვეთებოდეს კავშირები კატასტროფის მართვის ფაზებს შორის; (მაგალითად, თუ მზაობის ფაზა ითვალისწინებს გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, აუცილებელია გაიწეროს მისი გამოყენებისა და სწავლების კომპონენტიც, შესაბამისად რეაგირების ფაზაში სამიზნე ჯგუფს ექნება აღჭურვილობა და ეცოდინება მისი გამოყენება)
პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფ(ებ)ის შესახებ განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს
სასურველია, ინიცირებული და განხორციელებული პროექტი უზრუნველყოფდეს თემის შიგნით ინსტიტუციებს შორის კავშირებს (მაგ. სკოლებსა და თვითმმართველობას შორის, სკოლებსა და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს შორის)
მნიშვნელოვანია ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული ჩართულობა თემის წარმომადგენლების და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად
პროექტში მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
I ეტაპი – განაცხადების შერჩევა
II ეტაპი – საპროექტო წინადადების პრეზენტაცია
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა 1200 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სკოლას 800 აშშ დოლარი.
საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას სკოლის დირექტორის მიერ.
კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ელექტრონულად შეავსოთ განაცხადის ფორმა (WORD-ის ფორმატში).
საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განატლების ცენტრის მხირდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge,მობ: 595958825) ან ეწევიეთ ვებ გვერდს