კონკურსი მედიისთვის ევროპული ღირებულებების გასავრცელებლად

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX) ქართული მედიისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანი ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობის გავრცელებაა.

 

კონკურსისთვის შექმნილი მასალა უნდა წარმოაჩენდეს, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოში მცხოვრებ რიგით ოჯახებზე ევროპული ღირებულებების და ცხოვრების სტანდარტების დამკვიდრება. კერძოდ, რა სარგებლისა და შესაძლებლობების მოტანა შეუძლია ევროკავშირთან ქვეყნის ინტეგრაციას და როგორ შეცვლის ეს ყოველდღიურობის სხვადასხვა ასპექტს — იქნება ეს განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების თუ სხვა სფეროები.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ეროვნულ და რეგიონულ ტელევიზიებს, ონლაინ მედიასაშუალებებს, კერძო საწარმოებსა და პროფესიულ ასოციაციებს.

 

IREX-ს რეგიონული ტელევიზიებისა და ონლაინ მედიასაშუალებებისთვის 3,000 აშშ დოლარიდან 5,000 აშშ დოლარამდე მოცულობის მაქსიმუმ სამი ქვეგრანტი აქვს განკუთვნილი. ეროვნული ტელევიზიებისთვის კი 10,000 აშშ დოლარიდან 15,000 აშშ დოლარამდე მოცულობის სამი ქვეგრანტია გამოყოფილი.

 

კონკურსი ცხადდება უფრო ფართო, „USAID-ის მედიაპროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

 

ანაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 19 იანვარი.