სულ უფრო ბევრ სტუდენტს სურს უცხოეთში სწავლა. ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ მაგალითზე, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც აქვს, ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ შეიძლება ევროპულ მაგისტრატურაში მოხვედრა და როგორია იქ ჩაბარების პირობები.

ეს რა პროგრამაა?

ევროკავშირის არაკომერციული პროგრამა Erasmus+ სტუდენტებს და პედაგოგებს ევროპაში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს. ამ პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ გამგზავრებას როგორც მაგისტრატურაში სასწავლებლად, ასევე სტაჟირებაზე ან ვოლონტიორად. ის 30 წელიწადზე მეტია მუშაობს და მონაწილეებს მთელი მსოფლიდან იზიდავს. პროგრამის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ სწავლას არა მხოლოდ ერთ, არამედ ერთდროულად, რამდენიმე სასწავლებელში შეძლებთ. მაგალითად, მაგისტრატურის თითოეული სემესტრი ახალ ქვეყანაში და შესაბამისად, ახალ უნივერსიტეტში წარიმართება.

გასაგებია. რას მასწავლიან მაგისტრატურაში?

სპეციალობის მხრივ Erasmus+ზე არჩევანი დიდია – კარტოგრაფიით და კვების ინოვაციებით დაწყებული – ქორეოგრაფიით და ლექსიკოგრაფიით დამთავრებული. მიჩნეულია, რომ მაგისტრატურის გავლა სპეციალობის შეცვლის და ერთგვარი შერეული სფეროს ათვისების შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ Erasmus+ის ფარგლებში მიმართულების რადიკალურად შეცვლას არა, თუმცა მის უფრო ღრმად შესწავლას ნამდვილად შეძლებთ.

პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მაგისტრატურისთვის შერჩეული სპეციალობა მანამდე ბაკალავრიატში მიღებულის რელევანტური იყოს. მაგალითად, ხელოვნების და სოციალური მეცნიერებების სფერო რელევანტურად მიიჩნევა, მაგრამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა მიმღებ კომისიაზეა. საქმის არსი ის არის, რომ გარე თვალისთვის თქვენ მიერ სპეციალობის შერჩევა კარიერის ლოგიკურ გაგრძელებას უნდა ჰგავდეს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი – სამოტივაციო წერილში უნდა აღწეროთ. უნდა წარადგინოთ ასევე დამაჯერებელი რეზიუმე, რომელიც აჩვენებს, რომ არჩეულ სფეროში გამოცდილება გაგაჩნიათ. მაგალითად, უპირატესობად ჩაგეთვლებათ, თუ უკვე მოასწარით მუშაობა სასტარტო პოზიციაზე, კოლეგები გაღიარებენ, ახლა კი გსურთ თქვენი გამოცდილება აკადემიური საფუძვლით გაამყაროთ.

მარტივად რომ ვთქვათ, Erasmus+ის მაგისტრატურის პროგრამები ხელს უწყობს იმ პროფესიული სფეროს უფრო ღრმად შესწავლას, რომელშიც თქვენ ოპერირება არ გიჭირთ, და არა ახალ სფეროში ძალების მოსინჯვას.

რა მოთხვნები არსებობს აბიტურიენტებისთვის?

პირველ რიგში, საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა ისეთ დონეზე, რომ პედაგოგების გაგება და დავალებების მომზადება შეძლოთ. IELTS-ის სკალაზე ქულების მინიმალური რაოდენობაა – 6-დან 7-მდე სპეციალობის მიხედვით. ჰუმანიტარულ პროგრამებზე ენის ცოდნაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე – ტექნიკურზე. დამატებითი ენების ცოდნა, აქტივში ჩაგეთვლებათ.

 

მეორე – დოკუმენტების წარდგენის მომენტისთვის, უმრავლეს შემთხვევაში, უნდა გქონდეთ დიპლომი უმაღლესი განათლების შესახებ, თანაც მაღალი ნიშნებით. ასევე, თითოეულ პროგრამას შეიძლება ჰქონდეს დამატებითი მოთხოვნები აპლიკანტთან. მაგალითად, ჟურნალისტიკის პრორამაზე კანდიდატებს სულ ცოტა სამი თვის მუშაობის გამოცდილება უნდა გააჩნდეთ.

და უნივერსიტეტი როგორ შევარჩიო?

Erasmus+ის პროგრამა მოიცავს ევროპის და არამხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბევრ უნივერსიტეტს. შესაძლოა, ამერიკასა და აზიაშიც მოგიწიოთ სწავლა. პარტნიორ-უნივერსიტეტებში მაგისტრატურის მიმართულებები, რომელზეც განაცხადის წარდგენა შეგიძლიათ, ყოველწლიურად ახლდება. სრული სიის ნახვა და შესაფერისი მიმართულების არჩევა პროგრამის ვებგვერდზეა შესაძლებელი. აქვე შეძლებთ მომზადების მიმართულებების გაფილტვრას სხვადასხვა კრიტერიუმით: ქვეყნის, სპეციალობის, სწავლების თარიღების და კონკრეტული უნივერსიტეტის მიხედვით.

ევროპული უნივერსიტეტების დიდ ნაწილში სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და მუშაობენ მიწვეული პედაგოგები, რომლებიც თავიანთ პროფესიებში წარმატებულები არიან. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ სწორედ პროგრამის შინაარს და შეადგინეთ თქვენთვის შესაფერისი მიმართულებების „მოკლე სია“ (short list). მხოლოდ ამის შემდეგ, მათ შორის არჩევანის გაკეთებისას, გაითვალისწინეთ უნივერსიტეტებიც, რომლებშიც ეს მიმართულებები ისწავლება – ასეთი რამდენიმე შეიძლება იყოს.

შეადარეთ, რა პირობებს სთავაზობენ სტუდენტებს, წაიკითხეთ იმ ადამიანების გამოხმაურებები, რომლებიც იქ სწავლობდნენ.

ერთი განსაზღვრული უნივერსიტეტის არჩევა იმ შემთხვევაში ღირს, თუ თქვენ სამეცნიერო მიმართულებას სწავლობთ, რომელიც იქ ძლიერი კათედრითაა წარმოდგენილი. დარწმუნდით, რომ მიმდინარე კვლევების თემები თქვენს ინტერესებს ემთხვევა.

და რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა როგორაა მოწყობილი?

სწავლება სულ ცოტა ორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, მაგრამ ზუსტად სად – დამოკიდებულია შერჩეულ პროგრამაზე, ამიტომ მისი აღწერა ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. თვალსაჩინოებისთვის მაგალითს გიამბობთ:

ჟურნალისტიკის მაგისტრატურა ორწლიანია, პირველი სემესტრი წარიმართება პროგრამის კოორდინატორ ორჰუსის უნივერსიტეტში (Aarhus Universitet) – ეს დანიის უმსხვილესი სასწავლებელია. მეორე სემესტრში სწავლის ადგილი სტუდენტის წარმატებაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია კიდევ წელიწადნახევარს ევროპაში დარჩენა, მაგრამ საუკეთესო 9 სტუდენტს შესთავაზებენ სწავლის გაგრძელებას კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში, სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ან პაპის კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩილეში.

მეორე წელს სტუდენტები განაცხადის წადგენის ეტაპზე არჩეული სპეციალობის სიღრმისეულ შესწავლას მიუძღვნიან. სტუდენტები, რომლებმაც მედიისა და პოლიტიკის მიმართულებები აირჩიეს, სწავლას ამსტერდამის უნივერსიტეტში განაგრძობენ, ხოლო ისინი, ვინც მაგალითად, ფინანსური ჟურნალისტიკა ამჯობინა – ლონდონის სითი უნივერსიტეტში.

როგორც ევროპული უნივერსიტეტების უმრავლესობაში, საგნების ნაწილი იქნება სავალდებულო, ხოლო ნაწილი – ასარჩევი. ბევრი დრო დაეთმობა დამოუკიდებელ მუშაობას. ასევე მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ბევრი წერითი სამუშაო იქნება – გამოცდების უმრავლესობა ამ ფორმითაა ორგანიზებული.

ბევრი ფული დამჭირდება?

Erasmus+ის პროგრამის სტიპენდია მოიცავს ყველაფერს: ცხოვრების ხარჯებს, სწავლას, ტრანსპორტის ხარჯს. სტიპენდიის კონკრეტული თანხა თითოეული სტუდენტისთვის ინდივიდუალურად ითვლება – ის დამოკიდებულია არჩეულ უნივერსიტეტზე, ქვეყანაში ცხოვრების დონეზე, სწავლების ხანგრძლივობასა და მანძილზე, რომლის დაფარვაც მოგიწევთ.

მთლიანობაში, ერთი ადამიანის სწავლაზე გამოიყოფა დაახლოებით 9 000 ევრო წელიწადში, 4 000-მდე ევრო – სატრანსპორტო ხარჯებსა და მოწყობაზე, ასევე 1 000 ევრომდე ყოველთვიურად ცხოვრებისა და ყოველდღიურ ხარჯებზე.

თუ ჩავაბარებ, როდის შევძლებ წასვლას?

იმისთვის რომ შემოდგომაზე სწავლა დაიწყოთ, განაცხადის წარდგენა იმავე წლის 14 თებერვლამდე უნდა მოასწროთ. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ მომდევნო წლისთვის მშვიდად მოემზადოდ – ახალი მიღება ყოველ შემოდგომაზეა.

შევეცდები მოვემზადო. რითი დავიწყო?

პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ სწავლისათვის საკმარისად ფლობთ უცხო ენას. ჩააბარეთ ენის ტესტი, მაგალითად, IELTS, ინგლისური ენის შესწავლის რომელიმე ცენტრში.

მეორე – საჭიროა დოკუმენტების შეგრობა დაიწყოთ – და აქ მხოლოდ პასპორტი ან ვიზა არ იგულისხმება. მოგიწევთ რეზიუმეს განახლება და თარგმნა ინგლისურ ენაზე. გჭირდებათ რეკომენდაციები, ასევე განათლების შესახებ დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. შემდეგ უნდა დაწეროთ დასაბუთებული სამოტივაციო წერილი იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება და თანაც სწორედ მითითებული სპეციალობით.

თუ გაგიმართლებთ, ყველა დოკუმენტი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მზად უნდა გქონდეთ. ამიტომ სჯობს პროცესი რამდენიმე თვით ადრე მაინც დაიწყოთ, რითაც ყველაფერს გააზრებულად და მშვიდად გააკეთებთ.