ევროკომისიის კონკურსი მედია სექტორის მხარდასაჭერად

ახალი ამბების მედიის სექტორის მხარდასაჭერად, ევროკომისიამ „ჟურნალისტების პარტნიორობის“ მესამე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ევროკავშირის ინიციატივის, „შემოქმედებით ევროპის“ ფარგლებში ტარდება. შესაბამისად, განაცხადების შეტანა ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნების, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

 

წლევანდელ კონკურსს, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონ ევრომდეა გაზრდილი, ორი მიმართულება აქვს: თანამშრომლობა მედიასაშუალებებს შორის და მედიაპლურალიზმი.

 

პირველი მიმართულების მიზანია მედიასაშუალებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება, რის მისაღწევ გზადაც ბიზნესის წარმოებისა და სარედაქციო საქმიანობის სფეროში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებაა დასახული. განაცხადის შეტანა შეუძლიათ „შემოქმედებითი ევროპის“ მინიმუმ სამი ქვეყნის მინიმუმ სამი პარტნიორისგან შემდგარ კონსორციუმებს. ევროკავშირი დააფინანსებს პროექტების ხარჯის 80%-ს, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მილიონ ევროს შეადგენს.

 

მეორე მიმართულება მხარს დაუჭერს მედიაპლურალიზმს და დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებით დაინტერესებულ მედიასაშუალებებს. წინადადებების წარდგენა შეუძლიათ როგორც კონსორციუმებს, ისე ცალკეულ ორგანიზაციებს. ევროკავშირი დააფინანსებს პროექტების ხარჯის 90%-ს, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 3 მილიონ ევროს შეადგენს.

 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 აპრილი.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.