გამოცხადდა კონკურსი, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“. მონაწილეობის მსურველ ჟურნალისტებს განაცხადების შეტანა 2022 წლის 1 ნოემბრამდე შეუძლიათ.
კონკურსს, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, საქართველოში საფუძველი ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს ჩაუყარა. ის ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის და ეთიკური ქცევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გასცემს სპეციალურ პრიზს კონფლიქტების საკითხზე შესრულებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურება.
წლევანდელი კონკურსს დაემატა ახალი კატეგორია, რომელიც საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევარს გამოავლენს.
2022 წელს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ შემდეგ რვა კატეგორიაში გაიცემა:
-საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
-საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
-საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
-საუკეთესო ელექტრონული ან ბეჭდური ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
-საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
-საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებებს — მათ შორის უმცირესობათა უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას და კანონის უზენაესობას) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
-კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში);
-საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი დაჯილდოვდება ერთთვიანი სტაჟირებით ლონდონის „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“, სხვა გამარჯვებულებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ.
ყველა კატეგორიისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2022 წლის 1 ნოემბერია.