EBRD-ის ლიტერატურული პრემია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2024 წლის EBRD-ის ლიტერატურული პრემიის კონკურსი გამოაცხადა.

EBRD-ის პრემია გადაეცემა იმ ქვეყნის ენაზე დაწერილ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიც ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. ამ ქვეყნებს შორის საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყანაც შედის. ნაწარმოები თარგმნილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ის პირველად ევროპაში (მათ შორის გაერთიანებული სამეფოში) ან — უკვე 2024 წლიდან — ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედი გამომცემლობის მიერ გასული წლის განმავლობაში უნდა იყოს დაბეჭდილი.

მსაჯები მოკლე სიას 2024 წლის მარტში შეადგენენ, შემდეგ კი სამ ფინალისტს გამოავლენენ. საბოლოო გამარჯვებული 2024 წლის ივნისში ბანკის ლონდონის სათავო ოფისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.

გამარჯვებულ წიგნს 20 000 ევროს ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა და ის თანაბრად გადაუნაწილდება ავტორსა და მთარგმნელს. დანარჩენი ორი ფინალისტი 4 000 ევროს ოდენობის ჯილდოს მიიღებს, რომელიც ასევე თანაბრად გადანაწილდება ავტორებსა და მთარგმნელებს შორის.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.