წაკითხულის გააზრების მიხედვით საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილზეა

ბოლო წლებში განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეფორმები განხორციელდა. მათ შორის: ინსტიტუციური სტრუქტურის შეცვლა, კორუფციის აღმოფხვრა, უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭება, და ევროპული სტანდარტების შემოღება. თუმცა, საქართველოს განათლების სისტემა კვლავ რავალი გამოწვევის წინაშეა და ბოლო ადგილებს იკავებს შესაბამის რეიტინგში.

 

წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჩატარებული საერთაშორისო სტუდენტების შეფასებით, საქართველო 78 ქვეყანიდან ბოლოდან მერვე ადგილზე მოხვდა. PISA 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ჩამოვრჩებით ყველა მეზობელ ქვეყანას და განვითარებულ ქვეყნებს, ვუსწრებთ მხოლოდ დაბალი განვითარების ქვეყნებს: კოსოვო, ლიბანი, მაროკო, დომინიკის რესპუბლიკა. კვლევაში საუკეთესო ხუთეულია: ჩინეთი, სინგაპური, ესტონეთი, კანადა და ფინეთი.

 

PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება 80-მდე ქვეყანაში და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდებია.