თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის ცოდნის ნულოვანი დონე თითქმის აღარ არსებობს. ირგვლივ ისე ხშირად ისმის ინგლისური, რომ ყველამ რაღაც მაინც იცის. მაგრამ ენის უფრო სერიოზულად სწავლის ან ცოდნის გაუმჯობესების მსურველი ბევრია. და ბევრია ისეთიც, ვისაც, სურვილის მიუხედავად, კურსების და რეპეტიტორებისთვის არც დრო აქვს და არც ფული.

1.   რითი დავიწყო ?

პირველ რიგში აუციელებლია გაარკვიოთ თქვენი ცოდნის დონე. ამაში Placement test-ი დახმარებათ. ეს სტანდარტული ტესტია, რომელიც, როგორც წესი, 100 კარგად დამუშვებულ კითხვას მოიცავს. კითხვები ავლენს ყველა დონის ინგლისურის მცოდნეს. Placement test-ი ვერ წარმოაჩენს თქვენს ლაპარაკის უნარს, ან იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ გამართულად წერა, მაგრამ ის გამოიცნობს თქვენს საბაზისო ცოდნას გრამატიკაში. ტესტის შედეგები პირობითია, მაგრამ იმავდროულად – მოსახერხებელი ათვლის წერტილი: სახელმძღვანელოების კლასიფიკაცია ხშირად ცოდნის დონის მიხედვით ხდება. შესაბამისად, თქვენ გაგიიოლდებათ შესფერისი სახელმძღვანელოების შერჩევა. Placement test-ის ვარიანტები და მათზე პასუხები ინტერნეტში იოლად იძებნება.

2.    ტესტი გავიარე. ახლა რა ვქნა?

ახლა უნდა ჩამოყალიბდეთ მიზნებზე. ვიღაცას გრამატიკის გაუმჯობესება უნდა; ვიღაცას წაკითხული ტექსტი კარგად ესმის, მაგრამ მოსმენის დროს ვერცერთ სიტყვას ვერ აღიქვამს. სხვებს ლაპარაკის რცხვენიათ.  სპეციალისტების რჩევაა can-do statements-ის (იმის მტკიცება, რომ “ამის გაკეთება შემიძლია”) ფორმულირება. მაგალითად: „მე შემიძლია დავწერო წერილი უშეცდომოდ“, „მე შემიძლია ვუყურო სერიალს სუბტიტრების გარეშე“, „მე შემიძლია უცხოურ რესტორანში კერძი შევუკვეთო“, „მე შემიძლია დავწერო სამეცნიერო სტატია ინგლისურად“.

3.    მზად ვარ სწავლისთვის?

ბოლო სამზადისი: საჭიროა საკუთარი რესურსების – დროის, ფულის და უნარების – საღად შეფასება. გაიაზრეთ, რა დრო შეგიძლიათ დაუთმოთ ენას, და აუცილებლად შეადგინეთ მკაფიო გრაფიკი: ძალიან მნიშვნელოვანია ჩვევის გამომუშავება და არა, უბრალოდ, დროდადრო რაღაც სავარჯიშოების კეთება. მიუღწეველ მიზნებს ნუ დაისახავთ: წელიწადის განმავლობაში, კვირაში 4 დღე მაინც, დღეში 10 წუთს თუ იმეცადინებთ, საკმაოდ ხელშესახებ შედეგებს მიიღებთ. ვიღაცისთვის უფრო მოსახერხებელია ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური მეცადინეობა და მკვეთრი ნახტომის გაკეთება – ასეც შეიძლება. რაც შეეხება ფულს, აქ განსაკუთრებული ბარიერები არ არის: უამრავი სასწავლო რესურსი უფასოა. მაგრამ ზოგჯერ, ფული დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ: კარგი მასწავლებლის და სახელმძღვანელოს დახმარებით ენის სწავლა უფრო სწრაფად შეიძლება.

4.    რა ვქნა თუ ენები სწავლისადმი მიდრეკილება არ მაქვს?

დაივიწყეთ ეს აზრი! ინგლისური ენა უმაღლესი მათემატიკა არ არის. ყველაფერს ინტენსიურობა და პრაქტიკა წყვეტს. ინგლისური ენის წარმატებულად შესწავლისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა: არ შეიძლება მუდმივად პანიკაში ყოფნა და იმაზე ფიქრი, რომ რაღაც პრობლემა გაქვთ. დანაშაულის გრძნობას დაემშვიდობეთ („ყველამ იცის ინგლისური ჩემ გარშემო, მხოლოდ მე – არა!“).

5.    ამდენი მეთოდიდან და რესურსიდან როგორ ავარჩიო?

ყველა მეთოდი თავისებურად კარგია, თუ მოგწონს და რეგულარულად მეცადინეობ. იდეალური სახელმძღვანელო კურსი არ არსებობს. საბოლოოდ, რაც უნდა აარჩიოთ, საჭიროა მთავარი პრინციპის დაცვა: სასწავლო და ავთენტური (ანუ არა სპეციალურად სწავლისთვის გამიზნული) მასალების კომბინირება.

6.    შეგიძლიათ, კარგი სახელმძღვანელო მასალები მირჩიოთ?

დიახ. აი, ზოგიერთი მათგანი:

– BBC Learning Englishის განახლებული ვებგვერდი უფასო პოდკასტებითა და ლექსიკისა და გრამატიკის ინტერაქტიული სავარჯიშოებით;

– Oxford University Press-ის ინტერაქტიული სავარჯიშოები სხვადასხვა ასაკის და ცოდნის მქონეთათვის;

– British Council-ის ვებგვერდის უფასო რესურსები სხვადასხვა კატეგორიის, უნარების და ასაკის მიხედვით;

– YouTube-არხი Learn English with Ronnie ყოველდღიური სიტუაციების გარჩევით და თემატური სლენგით;

7. ავთენტური მასალები სად მოვიძიო?

– უყურეთ ფილმებს და სერიალებს ინგლისურ ენაზე. მაგალითად ვებგვერდზე Ororo.tv (დღეში საათნახევარი რესურსი უფასოა, შემდეგ შეგიძლიათ გამოწერა);

– უსმინეთ სხვადასხვა ლექციას ინგლისურ ენაზე, მაგალითად TED ზე და Openculture.comზე;

– გამოიწერეთ Twitter-ზე სასაცილო გვერდი Soverybritishი, ათვალიერეთ სასაცილო მემები 9gag.com-ზე, შეავსეთ ტესტები Buzzfeedზე, სადაც ენის ცოდნის შესამოწმებელი ტესტებიცაა;

– უყურეთ ტუტორიალებს (tutorials) – მოკლე ვიდეოინსტრუქციებს ინგლისურად იმ თემაზე, რომელიც თქვენთვის აქტუალურია, მაგალითად, როგორ მოქსოვოთ, როგორ დაუკრათ გიტარაზე, გაარემონტოთ მანქანა, მოამზადოთ კოქტეილი და ასე შემდეგ;

– ჩამოტვირთეთ აპლიკაციები დილის ვარჯიშისთვის ან კარაოკესთვის.

8. სერიალებს ინგლისურ ენაზე ვუყურებ. ეს დამეხმარება?

თავისთავად ინგლისურ ენაზე ყურება და მოსმენა კარგია, მაგრამ ენის სწავლისთვის საკმარისი არ არის. ჩვევის განვითარებისა და ახალი სიტყვების დასამახსოვრებლად, ისარგებლეთ Quizletის უფასო ვებგვერდით და აპლიკაციით – ეს ციფრულ ფორმატში სიტყვების ბარათებით სწავლის ძველი მეთოდია. შეიძლება საკუთარი სიტყვების შექმნა ან მზა სიტყვების გამოყენება. ინფორმაციას ყველა სხვადასხვაგვარად ვითვისებთ, ამიტომ ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მოსახერხებელია, რომ სიტყვების სწავლა სხვადასხვა რეჟიმში შეიძლება – ბარათების გამოცვლა, ტესტების ამოხსნა, თამაშების თამაში ან ხმის ჩაწერა. დავალებები ავტომატურად გენერირდება თქვენ მიერ შერჩეული სიტყვების მიხედვით. მსგავსი უფასო ვებგვერდებია თავისი მობილური აპლიკაციებით – vocabulary.comი და memrise.comი.

9. უცხო სიტყვები ძალიან ბევრია,  ყველას როგორ ვისწავლი?

ყველას სწავლა არც არის საჭირო. შეეცადეთ ის სიტყვები ისწავლოთ კარგად, რომლებიც ხშირად გხვდებათ. იდეალურ შემთხვევაში, სიტყვის თარგმანი უნდა ნახოთ მშობლიურ ენაზე, ხოლო მისი მნიშვნელობა ინგლისურ განმარტებით ლექსიკონში და ამ სიტყვის გამოყენების მაგალითი კონტექსტში. ყველაზე კარგი ვარიანტია – Сambridgeის ონლაინ-ლექსიკონი, სადაც ერთიც არის და მეორეც. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა მეცადინეობა პროფესიულად შერჩეული ლექსიკური სავარჯიშოებით ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებით. ეს ხელს უწყობს მყარი ლექსიკური ფუნდამენტის სწრაფად ჩამოყალიბებას. ნახეთ თქვენი დონის შესაფერისი ლექსიკური სახელმძღვანელოები English Vocabulary in Useის სერიიდან. ძირითადი პრინციპია, რომ სიტყვები დაჯგუფებულია თემატურად, გამოყენების სიხშირის და სირთულის ხარისხის მიხედვით. ლექსიკაზე მუშაობის დროს, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სიტყვათა შეთანხმებებს (collocations). მაგალითად, ჩვენ არ ვამბობთ to make homework, ჩვენ ვამბობთ to do homework. ეჭვის შემთხვევაში, სიტყვათა შეთანხმებების შემოწმება Oxford collocations-ში შეიძლება. და არ დაგავიწყდეთ, ფრაზეოლოგიური ზმნები და იდიომები.

10. ბევრი სიტყვა ვიცი, მაგრამ მოსმენის დროს ვერ აღვიქვამ

ნუ ნერვიულობთ. სიტყვების აღქმა სმენით შეიძლება მაშინაც გაგიჭირდეთ, როდესაც თქვენი ცოდნის დონე საკმაოდ კარგია (intermediate). ეს ნორმალურია. ასეთ დროს უნდა დაიწყოთ იოლი მაგალითებით და ნელ-ნელა აიმაღლოთ სირთულის დონე. ამ მხრივ, კარგი პოდკასტი (გაშიფრული ტექსტებით) BBCის აქვს.

თუმცა აუდიოვარჯიშებისთვის სპეციალური სერვისების გამოყენება აუცილებელი არ არის. მთავრია, გქონდეთ აუდიოჩანაწერი და მისი სტენოგრამა. ფრაგმენტს რამდენჯერმე მოუსმინეთ, გააჩერეთ და დაწერეთ ის, რაც გაიგეთ. შემდეგ შეადარეთ თქვენი დაწერილი გაშიფრულ ტექსტს. ასე შეიძლება მეცადინეობა სერიალებზე, რომლებსაც ინგლისური სუბტიტრები აქვს.

11. სალაპარკო პრაქტიკა არ მაქვს, როგორ მოვიქცე?

თუ ლაპარაკის შესაძლებლობა არ გაქვთ – წერეთ. წერის დროს ტვინი ვარჯიშდება აზრის გამოსახატავად სიტყვების შერჩევასა და გამოყენებაში, და რაც მთავარია, სწავლობთ ფიქრს ინგლისურ ენაზე, ეს კი მეტყველებისთვისაც მნიშვნელოვანია. უცხოელებთან რეგულარული საუბრის ორგანიზებაზე იოლი წერის პრაქტიკის ორგანიზებაა. მაგალითად, შეიძლება ბლოგზე ან ინსტაგრამზე მხოლოდ ინგლისურად წერა, სერტიფიცირებული გამოცდებისთვის წერითი სავარჯიშოების მომზადება. კარგი იქნება, თუ ვინმეს მოელაპარაკებით, ვინც ამ ტესტებს გაგისწორებთ ან შეიძლება ასეთი ონლაინ-სერვისებით სარგებლობა. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წერითი მეტყველების განვითარებაშიც მთავარია პრაქტიკა.

12. როგორ ვისწავლო გრამატიკა? მძულს!

რა თქმა უნდა, გრამატიკის შესასწავლად გარკვეული ბეჯითობა მოგეთხოვებათ. სავარჯიშოების კეთება რომ არ მოგწყინდეთ, გამოიყენეთ, მაგალითად, გამოცემა Pearson-ის სახელმძღვანელო My Grammar Lab-ი თავისი მობილური აპლიკაციით და ონლაინ-პლატფორმით MyEnglishLab, რომლებშიც თქვენი წარმატება ითვლება. ავტომატური შემოწმება დროს დაგიზოგავთ, ხოლო სტატისტიკა საკუთარი პროგრესის დანახვასა და მკაფიო მიზნების დასახვაში დაგეხმარებათ.

13. დამოუკიდებლად ვერ ვიმეცადინებ. მასწავლებელი მჭირდება

პედაგოგთან ერთად მეცადინეობა, რა თქმა უნდა, ეფექტიანია. მაგრამ მთავარია, პედაგოგი იყოს კარგი. სწავლაზე რთული ხომ თვითორგანიზებაა? ამ მხრივ, მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული და არ აქვს მნიშვნელობა, ის ამ ენის მატარებელია თუ არა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილები იყოს რეგულარული და დროში გაწერილი, ტარდებოდეს კომფორტულ გარემოში, განსაზღვრული იყოს შერჩეული კურსის მიზნები და სტრუქტურა. არსებობს ასპექტი Teacher Talking Time, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი პედაგოგი გაკვეთილის პროცესში დროს არა მუდმივ ახსნაზე, არამედ თქვენს მომზადებაზე ხარჯავს. ინტერნეტში Skype-ით უცხო ენაში (და არამხოლოდ ინგლისურში) მეცადინეობისთვის პედაგოგის მოძებნა ამ ვებგვერდზე შეიძლება.

წყარო: მედუზა