კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა. კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

1) წლის საუკეთესო რომანი;
2) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
3) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
4) წლის საუკეთესო პიესა.

კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული, ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).

კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოების ავტორი. გამარჯვებულს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია და შედგება არანაკლებ 5 წევრისგან.

განაცხადები მიიღება 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.

კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2021 წლის 27 დეკემბერს.

საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

Copy link
Powered by Social Snap