«სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო» ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს გააერთიანებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ისეთ მნიშვნელოვან და დეფიციტურ მიმართულებაზე დაეუფლონ ცოდნას, როგორიცაა «ღია წყაროების დაზვერვა» (Open Source Intelligence – OSINT). ტრენინგს მსმენელებისთვის პოლონური ორგანიზაცია – «Info Ops Polska” ჩაატარებს. ტრენინგი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
OSINT-ი, ეს არის „ღია წყაროებში“ ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და მონაცემების მოპოვება, შეგროვება და ანალიზი, მაგალითად, დაფარული გეო-ლოკაციების დადგენა, ყალბი ვიდეო და ფოტო მასალების პირველწყაროების დადგენა და სხვა.
პროექტის ფარგლებში მსმენელები დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვან მეთოდებზეც მიიღებენ ინფორმაციას. მეორე ეტაპზე კი, ორგანიზაციები ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო ქსელის წევრები გახდებიან.
პროექტით დაინტერესებულ თითო ორგანიზაციას ტრენინგში მონაწილეობისთვის მაქსიმუმ სამი თანამშრომლის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია. ამისთვის აუცილებელია მოთხოვნილი დოკუმენტები 2023 წლის 31 აგვისტომდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
📧 info@stratcomgeorgia.org ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ [Disinformation Firewall OSINT].
მოთხოვნილი დოკუმენტები:
1. მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (მაქსიმუმ 150 სიტყვა);
2. განხორციელებული რელევანტური პროექტები (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
3. წარდგენილი კანდიდატების მოკლე რეზიუმეები.
რაც შეეხება მოხალისე ინდივიდებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ სამოტივაციო წერილი, სადაც პროექტში თქვენი მონაწილეობის მნიშვნელობას დაასაბუთებთ (მაქსიმუმ 500 სიტყვა).
უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საქმიანობენ.
ტრენინგი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
აღნიშნული პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მხარდაჭერითა და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.