
ევროკომისიამ Blue Book-ის სტაჟირების ყოველწლიური პროგრამის 2025 წლის ოქტომბრის სესიისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ეს ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ დააკვირდნენ ევროკავშირის პოლიტიკისა და მართვის პროცესებს.
2025 წლის ოქტომბრის სესია ხუთ თვეს გაგრძელდება და აპლიკანტებს 1,000-მდე პოზიციაზე შეეძლებათ განაცხადის შეტანა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია კომისიის დეპარტამენტებში, სერვისებსა თუ სააგენტოებში, რომლებიც ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ეროვნულ ბიუროებშია გადანაწილებული.
კონკურსი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არის ღია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით ადგილები ასევე განსაზღვრულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის – მათ შორის საქართველოსთვისაც.
სტაჟირებები ორ ტიპად იყოფა: ადმინისტრაციული სტაჟირებები და მთარგმნელობითი სტაჟირებები – კონკრეტულად თარგმნის გენერალური დირექტორატისთვის (DGT). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტაჟირებები ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრში.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან ეკვივალენტურ ხარისხს და არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში ექვს კვირაზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება. ამასთან, მან კარგად უნდა იცოდეს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ენა, რომელთაგან ერთ-ერთი ინგლისური, ფრანგული ან გერმანული უნდა იყოს.
სტაჟიორებისგან მოელიან კომისიის საქმიანობისადმი ინტერესისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის სურვილის ქონას და საქმისადმი პროაქტიულ დამოკიდებულებას.
შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ 1 418 ევროს ოდენობის გრანტს საცხოვრებელი ხარჯებისთვის, თუმცა მათ თავად მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პოვნა.
სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს, რომელთა შორისაც იქნება შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებში და საჯარო მოსმენებზე დასწრება თუ მათი ორგანიზება, საბუთების კვლევა, მოქალაქეების ინფორმირება და პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 მარტი.
განაცხადის შევსება ევროკომისიის დამოწმების სერვისზე (EU Login) რეგისტრაციის გავლის შემდეგაა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.