შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სლოგანების კონკურსს, თემაზე: ,,ახალგაზრდები და მშვიდობა“.მშვიდობის საერთაშორისო დღე 1981 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა და 2001 წლიდან მთელს მსოფლიოში 21 სექტემბერს აღინიშნება.
კონკურსის მიზანია, საქართველოში მშვიდობის განმტკიცების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება; ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად მათი ხედვების, საინტერესო მოსაზრებებისა და შესაძლებლობების გაზიარება, როგორც მშვიდობის მშენებლობის, ასევე შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში.
საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
🔹 სლოგანის (დევიზის) შინაარსი უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორთა ძირითად გზავნილს/მოწოდებას საკონკურსო თემატიკასთან მიმართებით;
🔹 სლოგანის (დევიზის) ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ახალგაზრდების მიერ სპეციალურად ამ კონკურსისათვის შემუშავებული, მოკლე და შინაარსობრივად დატვირთული.
კონკურსის პირობები:
🔹 კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური პირი, ასევე პირთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ერთ ნამუშავრს.
🔹 მითითებული უნდა იყოს ავტორის ან ავტორთა ჯგუფის სრული დასახელება, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, საკონქაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება.
🔹 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18-დან 29 წლამდე;
🔹 ნამუშევრების წარდგენის ვადაა 2021 წლის 17 სექტემბერი;
🔹 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა მომზადებული სლოგანი უნდა გამოაგზავნონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე; 📧 info@smr.gov.ge
საკონტაქტო პირი: სოფო ლეთოდიანი – 598 60 50 20
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნამუშვრებიდან შეარჩევს საუკეთესო სლოგანებს. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთა დაჯილდოება შედგება 21 სექტემბერს – სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო სლოგანების გამოფენა. სლოგანები განთავსდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გავრცელდება ინტერნეტ სივრცეში.