სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი უნგრეთში
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების – „Stipendium Hungaricum 2021-2022’’ – კონკურსი გამოაცხადა.
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.
პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა მიმდინარეობს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge – 2020 წლის 16 ნოემბრიდან – 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme, ასევე სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge/.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
• ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30,
• მაგისტრატურა – არაუმეტეს 30,
• დოქტორანტურა – არაუმეტეს 10,
• ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5.
• 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები – 5 (ეს უკანასკნელი განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წელს).
სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას. ეს წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს. კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები 2021-2022 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.