საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის და Copywriting-ის ორ წლიან პორტფოლიო პროგრამაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ აღნიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე. ამისათვის, უნდა გააგზავნონ საკუთარი სივი, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო მეილის მისამართზე info@miamiadschool.de. საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი 2023 წელი
ჩარიცხული კანდიდატებიდან სპეციალურად შექმნილი ჟიური ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულს გამოავლენს და ის სწავლას Miami Ad School Europe-ში შემოდგომის სემესტრში დაიწყებს.
Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.