აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“.
კონკურსის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ხერხდება არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების დასტაბილურება, თითქმის გაწყვეტილია კავშირი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, წლებთან ერთად რთულდება ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება და ახალი თაობისთვის აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა ისტორიულ წარსულად.
ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ – ახალ თაობას ვესაუბროთ არა ომზე, არამედ ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე რა იყო ომამდე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ.
უპირველესად მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი ლიტერტურული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე. საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს
კონკურსის თემას;
-ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word პროგრამაში შრიფტი (Font) –Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა -12. -ნაშრომის მაქსიალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
-ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.
ნაშრომი უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Culture@csya.ge;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 15 სექტემბერი;
საკონკურსო განახცადებიდან კონფიდენციალური ჟიური 10 კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობაც 25 სექტემბერს გახდება ცნობილი. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზირებულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე კი, გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.