კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ უცხოეთში მცხოვრებთათვის

დედა ენის დღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს  კონკურსს „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანია ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია ჩვენს თანამემამულეებში, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 11 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე – „ჩემი ენა ქართული“, რომელიც ასახავს კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ. მონაწილეებმა შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი უნდა წარმოადგინონ სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge
 
მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო ესსე. ორივე კატეგორიაში კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული. ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება, საკონტაქტო მონაცემები.
 
ენის კონკურსის გარდა, სასურველია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადდეს და ამავე ელექტრონულ მისამართზე გამოიგზავნოს 15-20 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელშიც მოზარდები მოკლედ, საკუთარი ინტერპრეტაციით, მშობლიური ენის მნიშვნელობის  ხაზგასმით, საქართველოს მიულოცავენ დედა ენის დღეს.