კონკურსი მხატვრული თარგმანების მხარდასაჭერად

ევროკავშირის პროგრამა, „შემოქმედებით ევროპა“ მხატვრული ლიტერატურის ევროპული ნიმუშების თარგმანის, გამოცემის, დისტრიბუციისა და პოპულარიზაციისთვის დაფინანსების მოპოვების მსურველ ორგანიზაციებს კონკურსში იწვევს. 5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაახლოებით 40 პროექტი დაფინანსდება.

ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ დამოუკიდებლად ან კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე, სულ მცირე, ორი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის სახით. თითოეულ პროექტს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს სარედაქციო, სადისტრიბუციო და სარეკლამო სტრატეგია და მოიცავდეს მინიმუმ ხუთი მხატვრული ნაწარმოების თარგმნას. ამ ნაწარმოებთა ავტორები უნდა იყვნენ კონკურსით განსაზღვრული ქვეყნებიდან ერთ-ერთის — მათ შორის საქართველოს — მოქალაქე თუ რეზიდენტი, ან მათი შემოქმედება ამ ქვეყნების ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილად უნდა იყოს აღიარებული.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა ზომის პროექტებისთვის. პროექტი შეიძლება იყოს: მცირემასშტაბიანი (სულ მცირე, 5 თარგმანი), საშუალომასშტაბიანი (სულ მცირე, 11 თარგმანი) და მსხვილმასშტაბიანი (სულ მცირე, 21 თარგმანი).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 თებერვალი.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.