კონკურსი მედია თანასწორობისთვის

ორგანიზაცია – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF Georgia) – აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

 

კონკურსის მიზანია, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

 

სწორედ ამიტომ, კონკურსი წაახალისებს და მხარს დაუჭერს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს.

 

პრიზი და კატეგორიები

WECF საქართველო “მედია თანასწორობისთვის 2022” ჯილდოს მოპოვებისთვის კონკურსს გამოაცხადებს ექვს სხვადასხვა კატეგორიაში. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის იდეის დღის წესრიგში დაყენებას, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების სისტემურ ჭრილში ჩვენებას.

 

საკონკურსო კატეგორიებია:

-საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი (ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი)
-საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი (რეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი)
-საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი (კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვ.);
-საუკეთესო ციფრული პლატფორმა (ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები. კატეგორია არ გულისხმობს სატელევიზიო თუ ონლაინ მედიების სოციალურ და ციფრული პლატფორმებს);
-საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში (აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად);
-საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი (აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ, ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური ფაკულტეტები სტუდენტებს. ამ კატეგორიაში მიიღება სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ. მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თითოეულ კატეგორიაში გამოგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.

 

კონკურსს თითოეულ კატეგორიაში ეყოლება სამი გამარჯვებული – „თანასწორობის ჩემპიონი.”

პირველ ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი ჯილდოს სახით მიიღებს 900 ევროს ექვივალენტს ლარში.

მეორე ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი – 500 ევროს ექვივალენტს ლარში

მესამე ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი – 300 ევროს ექვივალენტს ლარში

 

თითოეული ნომინანტი ჩვენგან მიიღებს საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 

კონკურსს ყოველწლიურად ექნება პრიორიტეტული თემა კონტექსტიდან გამომდინარე. „მედია თანასწორობისთვის 2022”-ს პრიორიტეტული თემებია:

-ომი და მისი გენდერული ასპექტები;
-ინკლუზიური საკითხების გაშუქება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.