საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს – „ქართული ანბანის ელჩები“.
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ ქართულ ანბანს სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით და დააინტერესონ უცხოელი თანატოლები ქართული ენითა და ანბანით. საკონკურსოდ განიხილება აღნიშნული აქტივობების ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადთან ერთად (იხ. ფორმა N1) კონკურსანტმა 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anbani2022@gmail.com
კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.