დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

ტერორიზმის კვლევითმა ცენტრმა (TRC), დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, რომლებიც ტერორიზმისა და მისი მომიჯნავე თემებით არიან დაინტერესებული.

სასტიპენტიო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებს. ასევე, კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს.

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge

 

განაცხადების მიღება  2021 წლის 17 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ – Chochua Fellowship 02/2021. განაცხადები დანართებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების გარეშე არ განიხილება. სტიპენდიანტი ნაშრომზე მუშაობას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს, კვლევის დასრულების ვადა კი 5 ნოემბრით განისაზღვრება.

სტიპენდიის ოდენობა 600 ლარს შეადგენს.

 

რეკომენდირებული საკვლევი საკითხები:

 

ტერორიზმიდან გათიშვის, დერადიკალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების ანალიზი;
ულტრა მემარჯვენე და ჯიჰადისტური ექსტრემისტული/ტერორისტული ჯგუფების ნარატივების შედარებითი ანალიზი;
კონტრტერორიზმის გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში;
ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკის მიმოხილვა.
დამატებით, განმცხადებელი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.

 

დავით ჭოჭუამ საქართველოში ტერორიზმის კვლევას მნიშნველოვნად შეუწყო ხელი. მისმა წვლილმა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე გადასულიყო.

 

Copy link
Powered by Social Snap